ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოშიმშილეებს, რომლებიც ხელედულა ჰესის
მშენებლობას აპროტესტებენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი
ჩიქოვანი შეხვდება.
მოშიმშილეების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ჯერ მათთან მივა,
შემდეგ კი იმ ადამიანებს შეხვდება, რომლებიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის
შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ.
"მინისტრის მოადგილესთან გვექნება კონკრეტული მოთხოვნები - ჰესის
მშენებელი კომპანია დღესვე უნდა გავიდეს პროექტიდან, მისმა ტექნიკამ
კი მაქსიმუმ ხვალ უნდა დატოვოს ტერიტორია",- ამბობს ერთ-ერთი
მოშიმშილე, რაჯი ლიპარტელიანი.
მისივე თქმით, მოშიმშილეებს დღეს სამი ადამიანი შეემატა.
ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ისევ 7
ადამიანი შიმშილობს.
26 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შვიდი
მოშიმშილედან სამმა ადამიანმა შიმშილობის გაგრძელება
ვეღარ შეძლო.
ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით,
ადგილობრივებმა პროტესტი 22 ივლისს დაიწყეს. უკვე მეექვსე დღეა
მათ ლენტეხი-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე კარვები აქვთ
გაშლილი და ჰესის მშენებლი კომპანიის ტექნიკას ლენტეხის მიმართულებით
არ უშვებენ.
მოსახლეობა ამბობს, ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ
სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული
ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას
გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე
დარჩება.
ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში
მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები
გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.
ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას
წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს
არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში
ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.
"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების
მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების
აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების
გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი
ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე.
ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე,
განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ
დასკვნაში.
"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ
ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ,
1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა
კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ
საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.
ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული.
ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა
გამოიმუშაოს.
პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები