"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ბაღდათისა და ხარაგაულის
მუნიციპალიტეტებში არასრულად შევსებული დეკლარაციები და
თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა
გამოავლინა.
კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 50-მდე ქონებრივი
დეკლარაციის შესწავლისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის
არასრულად შევსების
4, ხოლო ხარაგაულში - 1 ფაქტი გამოვლინდა; ბაღდათის მუნიციპალიტეტში
თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2 შემთხვევა
დაფიქსირდა.
"აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის
მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, საჯარო მოსამსახურეს უფლება
არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო,
პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ეკავოს სხვა თანამდებობა
რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში",
- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
კვლევის მიხედვით,
ბაღდათის მერის პირველ მოადგილეს, კახა
ენუქიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს,
რომ ის არის შპს "კაპ გრუპის" 100%-იანი წილის მესაკუთრე და ამავე
კომპანიის დირექტორიც, რაც წარმოადგენს "საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევას,
რომლის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო
დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე კახა ენუქიძემ დაარღვია ამავე
კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რადგან მის საკუთრებაში არსებული
კომპანიის წილი სამართავად სხვა პირს არ გადასცა.
ამავე კვლევის თანახმად,
ბაღდათის მერის მოადგილემ, ფირუზ
ბურჯანაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ
ის არის შპს "ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის" 15%-იანი წილის მესაკუთრე. მას
ასევე არ მიუთითებია, რომ ,,ჯორჯიან სენდ კომპანიში"" 50%-იანი წილის
მფლობელია. ფირუზ ბურჯანაძეს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ
გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს "ჯორჯიან სენდ
კომპანიმ" 2018 წლის 2 თებერვალს 1600 ლარის ოდენობის
გამარტივებული
ხელშეკრულება გააფორმა ა(ა)იპ "ჭიათურის დასუფთავების და
კეთილმოწყობის სერვის ცენტრთან", რომლის შესყიდვის საგანს
წარმოადგენდა
ქვიშის მიწოდება.
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის შალვა
მშვილდაძის მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში
მითითებულია, რომ ის არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების
,,მამუკა მდინარაძე, გიორგი გელაშვილი, შალვა მშვილდაძე" კომპანიაში
10%-იანი წილის მფლობელი, თუმცა მშვილდაძე ამავე დროს აღნიშნული
მეწარმე სუბიექტის დირექტორიცაა, რითაც არღვევს "საჯარო სამსახურში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნას,
რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო
დაწესებულების ხელმძღვანელი.
"დეკლარაციაში შალვა მშვილდაძეს მითითებული აქვს რომ
სპს-ში ფლობს 10%-იან წილს, თუმცა კვლევის შედეგად
დადგინდა ის არის 15%-იანი წილის მფლობელი ამავე დროს, მას
აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც ასევე
წარმოადგენს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის დარღვევას," - აღნიშნულია
"საერთაშორისო გამჭვირავლობა-საქართველოს" კვლევაში.
ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია "ქართული
ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარემ, გაბრიელ ღიბრაძემ 2018
წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შემდეგი მიწის
ნაკვეთების თანამესაკუთრე:
• ბაღდათის მუნიციპალიტეტი; სოფელი წითელხევი; 4003.0 კვ.მ.
• ბაღდათის მუნიციპალიტეტი ; სოფელი ვარციხე; 1183.0 კვ.მ.
გაბრიელ ღიბრაძეს დეკლარაციაში ასევე არ აქვს მითითებული, რომ მისი
შვილი ირაკლი ღიბრაძე არის შპს ,,დი.ეი.ჯი. ქონსალთინგის""
დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი.
ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეების"
თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ზივზივაძემ დეკლარაციაში
მიუთითა, რომ ის არის შპს ,,ფერსათი - 1914-ის"" 100%-იანი წილის
მფლობელი. თუმცა, მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ
გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის
მოთხოვნათა დარღვევაა.
ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია "ქართული
ოცნება" თავმჯდომარის მოადგილემ მურად ბურჯანაძემ 2018 წელს
შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შემდეგი მიწის
ნაკვეთების თანამესაკუთრე:
• ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა; 4498.0 კვ.მ
• ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა; 701.0 კვ.მ
• ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა, 2800.0 კვ.მ
ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია "ქართული
ოცნების" თავმჯდომარეს მაია კბილაშვილს დეკლარაციაში არ
მიუთითებია, რომ მას თანასაკუთრებაში აქვს შემდეგი მიწის
ნაკვეთები:
• ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი 2000 კვ.მ.
• ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი; 2100 კვ.მ.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან
გიორგაძემ 2018 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ
ის არის შპს საზაფხულო დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი
"კლდეკარის" 50%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, მას წილის მართვის
უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის
მოთხოვნათა დარღვევაა. გარდა ამისა, რუსუდან გიორგაძეს დეკლარაციაში
არ აუსახავს, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე არის შპს ,,დ
გრუპის" დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.
რუსუდან გიორგაძე ამბობს, რომ რადგან ბანაკ "კლდეკარს" ფინანსური
ბრუნვა არ გააჩნია, იურისტმა ურჩია, მისი დეკლარაციაში შეტანა
აუცილებელი არ იყო. რაც შეეხება ეუღლის, ბესარიონ ჭიჭინაძის შპს
"დ გრუპში" 100%-იანი წილის ფლობას, რუსუდან გიორგაძე აღნიშნავს, რომ
ეს კომპანიაც არ მუშაობს და არც უფუნქციონირებია.
"მე დეკლარაციას რომ ვავსებდი, შევედი იურისტთან და შევეკითხე, მაგრამ
ბანაკი "კლდეკარი" არის გაყინულ მდგომარეობაში, ერთი თეთრი მოძრაობაში
არ არის, საჭირო არ არისო მისი შეტანა", - გვითხრა რუსუდან
გიორგაძე.
ქუთაისიპოსტი ბაღდათის მუნიციპალიტეტსაც დაუკავშირდა, თუმცა
პრესსამსახურის წარმომადგენლის, ხათუნა კირკიტაძის თქმით გამგეობაში
ახლა თათბირი იწყება და მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილეებთან დაკავშირება ერთ საათში იქნება შესაძლებელი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის
ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს
კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების
მონიტორინგი.
მასალის გამოყენების პირობები