ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში,
ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია განთავსებული.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ პროცესს 147-ე სკოლაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია
მიმინოშვილი დაესწრო, რომელმაც 2018 წლის ერთიანი გამოცდების ძირითად
სიახლეებზე ილაპარაკა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000 მდე აბიტურიენტია
რეგისტრირებული.
რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემას, მიმინოშვილის
თქმით, მინისტრის ინიციატივა იყო ყველა საგამოცდო ცენტრში ყოფილიყო
კონდიციონერები, თუმცა პილოტირების რეჟიმში ამ ეტაპზე განსაკუთრებით
მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ რუსთავში მოეწყო.
კონდიციონერების საკითხს დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა
პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე
კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა.
"ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე
აუცილებლად ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში
მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა.
გავერკვევი დეტალებში თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება", - განაცხადა
ბახტაძემ.
ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან
დაიწყო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა
ინფორმაცია საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესზე, ასევე
თუ როდის უნდა მივიდეს აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში.
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დაინიშნება დამატებითი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით.
ასეცე ცნობილია, როგორი კალმების შეტანის უფლება ექნებათ აპლიკანტებს
ეროვნულ გამოცდებზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს, 8 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები