ქუთაისის მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ყოფილმა
თანამშრომელმა, ირაკლი კიკვაძემ, რომელიც სამსახურიდან მიმდინარე წლის
დასაწყისში გაათავისუფლეს, ყოფილ უფროსს სასამართლო დავა მოუგო.
ირაკლი კიკვაძის თქმით, ქუთაისის საქალაქო სასმართლომ მისი პოსტიდან
გათავისუფლება უკანონოდ სცნო და ააიპს მისთვის განაცდურის ანაზღაურება
დაევალა.
ირაკლი კიკვაძე სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ ეს
მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს,
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მას ხელშეკრულების ვადა გასდიოდა და
ამიტომ აღარ მოხდა მისი პოზიციაზე აღდგენა.
"ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ დაადასტურა,
რომ მე ვიყავი უკანონოდ გათავისუფლებული. სასამართლომ ასევე თქვა, რომ
არავითარი გამოსაცდელი ვადით არ ავუყვანივარ მე ააიპს, რასაც ისინი
ამბობდნენ. სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მე
გამიშვეს პოლიტიკური ნიშნით", - განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
ააიპის ყოფილი თანამშრომელი, დაწესებულების უფროსს კობა ფხაკაძეს
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. ირაკლი კიკვაძე
აცხადებდა, რომ მისი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
"ვერ მმართეთ როგორც გინდოდათ და ამიტომ გამიშვით",-ასე მიმართა
ერთ-ერთ პროცესზე მან ყოფილ უფროსს.
"სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას" ირაკლი კიკვაძისთვის 4 თვის
ხელფასის კონპენსაციის სახით გადახდა მოუწევს.
ირაკლი კიკვიძის ინტერესს სასამართლოში არასმთავრობო
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"
ქუთაისის ოფისის იურისტები იცავდნენ.
ამავე თემაზე:
"ჭიღვარიას
კაბინეტში გადაწყდა ჩემი გაშვება"- ააიპიდან გათავისუფლებული
თანამშრომელი
მასალის გამოყენების პირობები