ჭიათურაში, ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, ადგილობრივებმა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პეტიცია გაუგზავნეს.
"დატოვოს თანამდებობა ჭიათურის პოლიციის უფროსმა ლაშა ჩხიტუნიძემ
და მისმა მოადგილემ მიხეილ გიგაურმა და მოხდეს დაკავებული თემურ
გიშაძისათვის მუხლის გადაკვალიფიცირება. მას შემდეგ, რაც ჭიათურის
პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა ჩხიტუნიძე, ხოლო მის მოადგილედ მიხეილ
გიგაური ქალაქში, ახალგაზრდების მისამართით, დაიწყო ყოველდღიური
ზეწოლა და შევიწროება, რაც გამოიხატება მუქარაში, რომ ყველას დაიჭერენ
ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ნივთის ჩაგდებით. ასევე, არის არაერთი
ფაქტი იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან
შედიან არასწორ კომუნიკაციაში და იწვევენ მიზანმიმართულ
პროვოკაციას.
სწორედ ზემოთ აღნიშნული პროვოკაციის კლასიკური მაგალითი გახლდათ ამ
ყველაფრის კულმინაცია. კერძოდ 2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის თავზე, პოლიციის უფროსის
მოადგილე მიხეილ გიგაური და უბნის ინსპექტორი ვეფხვია შეყილაძე,
სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფები, ავტომატებით
შეიარაღებულები მივიდნენ თავიანთი კორპუსის წინ სუფრასთან მსხდომ
მოქალაქეებთან და მოაწყვეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც
გამოიხატებოდა ერთ-ერთისადი ყელზე ავტომატის მიდებით და
ბილწსიტყვაობით, რასაც მოჰყვა სუფრასთან მსხდომ ახალგაზრდებსა და
პოლიციელებს შორის დაძაბულობა, რის შედეგადაც დაკავებული და პოლიციის
შენობაში გააყვანილი იქნა 9 ადამიანი, აქედან რვას შეეფარდა
ადმინისტრაციული სასჯელი, ხოლო ერთს ედავებიან სისხლის სამართლის
მუხლით, რაც 2 დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც დაკავებულები გადაიყვანეს ჭიათურის პოლიციის
შენობაში, დაიწყო მათი სასტიკი ცემა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება
მიაყენეს ოთხ ადამიანს, ხოლო აქედან ერთ-ერთმა მიიღო ტვინის შერყევა
და დღემდე გადის მკურნალობას საავადმყოფოში. გარდა იმისა, რომ ეს
ფაქტები თავისთავად უმძიმესია და მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან
შესაბამის რეაგირებას, ასევე თავს იჩენს არანაკლებ მძიმე პრობლემა,
ხდება საზოგადოებასა და პოლიციას შორის დაპირისპირებისა და უნდობლობის
გაღვივება, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ზემდგომ ორგანოებს ეყოფათ შორსმჭვრეტელობა და
უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ორ ადამიანს არ
გადააყოლებენ პოლიციის იმიჯსა და ქალაქის სტაბილურ განვითარებას",
- ნათქვამია პეტიციაში.
მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნით გამოდიან,
ჭიათურის პოლიციის შენობის წინ საპროტესო აქციას სამი დღეა მართავენ.
"ხელმოწერებს ვაგროვებთ, ამჟამად 200 ხელმოწერა შევაგროვეთ და აქციას
იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ეს ადამიანები არ დატოვებენ თანამდებობას,
რადგან ჩვენ შიშის ქვეშ ვერ ვიცხოვრებთ," - ამბობს აქციის ერთ-ერთი
მონაწილე დავით ჭუმბურიძე.
მასალის გამოყენების პირობები