ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის
მხარდასაჭერად, 31 მაისს, ქუთაისში საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ნუ
მომკლავ" გაიმართება.
აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე 19:00 საათზე
შეიკრიბებიან.
31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ
მკვლელობაში ბრალდებულებზე განაჩენი გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული,
მოზარდების ჩხუბში გარდაცვლილ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში
დამნაშავედ სცნო, ხოლო, მეორე გარდაცვლილის, დავით სარალიძის განზრახ
მკვლელობაში ბრალდებულს, კვალიფიკაცია შეუცვალა და მას
მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ, რაც
იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სარალიძის მკვლელობაში
ბრალდებული ამ დრომდე არ ჰყავს.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა გარდაცვლილ დავით
სარალიძის მამისთვის, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურასთან
დილიდან აქციას მართავს.
ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პოსტიდან
გადაყენებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რეალური დამნაშავეები
დაკავებული არ არიან და მათ პროკურატურა ხელს აფარებს.
გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე,
არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი
არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი
გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები