2018 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებს უკვე
ჩაუტარდათ.
წელს საატესტატო გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, იმ
აპლიკანტების ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან
რამდენიმე გამოცდას. იმ პირებისათვის კი, რომლებიც ობიექტური მიზეზით
ვერ გამოცხადდნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, გამოცდის ჩატარების
დამატებითი ვადები განისაზღვრა.
განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ბრძანებით, დამატებითი
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2018 წლის 18 და 19 ივნისს
ჩატარდება.
განმეორებითი საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, შეფასებისა და
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, გამოცდაზე
გადიან ის მე-12 კლასელები, ვინც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო
საატესტატო გამოცდებზე გასვლა პირველ ეტაპზე.
“ხასგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ნიშნავს, უკვე გამოცდაზე გასული
მოსწავლეების განმეორებით ტესტირებას. 18 და 19 ივნისს გამოცდას ის
მოსწავლეები ჩააბარებენ, ვინც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ
დაესწრნენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. ასეთები არიან: მოსწავლეები,
რომლებიც ოლიმპიადების ფარგლებში არ იმყოფებოდნენ საქართველოში; სსსმ
მოსწავლეები; ასევე ის პირები, ვისაც აქვს დამადასტურებელი საბუთი
იმისა, რომ პირველ შემთხვევაში მათი გამოცდაზე გამოუცხადებლობა
ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. აღნიშნულის დადასტურება ხორციელდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განცხადებით მიმართვის
საფუძველზე. განცხადებას განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც
წყვეტს დაუშვას თუ არა მოსწავლე გამოცდაზე. გადაწყვეტილების შემდეგ
მოსწავლეთა სია გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რის შემდეგაც
ხორციელდება მოსწავლეებთან დაკავშირება”, – აღნიშნეს განათლების
სამინისტროში.
წყარო: EDU.ARIS.GE
მასალის გამოყენების პირობები