ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "იმერეთის რეგიონის
ახალგაზრდული სამეცნიერი-საინფორმაციო ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა
ხელაძემ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული შეხვედრა-დისკუსია "ქუთაისელი ამომრჩევლების შეხედულება
თვითმმართველობისადმი" პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
დისკუსია ძირითადად წყალმომარაგების პრობლემას ეხებოდა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში, სადაც 2600 -მდე დიდი,
საშუალო და პატარა ზომის მდინარე მიედინება მოქალაქეებს წყლის
პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ.
"საქართველოში მდინარეების ჯამური სიგრძე 58 ათასი კილომეტრია ეს არის
სერიოზული და დიდი ქონება, რომელიც ნავთობზე უკეთესია. ისეთი
სახელემწიფოებს, როგორიც არის ტუნისი, ალჟირი, კუბა და სხვა, საერთოდ
არა აქვთ სასმელი წყლის რეზერვუარები. ისინი იღებენ მხოლოდ ტექნიკურ
წყალს. ჩვენ ეს ბედნიერება თავზე საყრელად გვაქვს. რომ ვერ ვყიდით
ფაქტია, მაგრამ რომ ვერ ვიყენებთ ამ სიმდიდრეს ესეც ფაქტია. გამოდის
ისეთი უგუნურები გამოვდექით რომ საკუთარი ქონება ვერ მოგვიხმარია", -
აღნიშნა ზაზა ხელაძემ.
ხელაძის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქუთაისში
წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ დახარჯა 130
მილიონამდე თანხა. თუმცა, პრობლემა ვერ მოგვარდა და ქალაქში
მოსახლეობას წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდება.
ყველა ხელისუფლების მთავარ შეპირებას წარმოადგენდა ქუთაისი წყლის
დეფიციტის გარეშე. თუმცა, ეს შეპირება არც ერთმა არ შეასრულა, აღნიშნა
ზაზა ხელაძემ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
მასალის გამოყენების პირობები