ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩის მე- 4 შესახვევში მცხოვრებლები აქციებით
იმუქრებიან.
ადგილობრივების პრობლემა უკვე ათი წელია, შესახვევის ამორტიზებული
გზის საფარია.
"ათასჯერ მოგვატყუეს, არ გვაგდებენ არაფრად და მხოლოდ ტყუილებს
გვაჯერებენ," - ამბობს ადგილობრივი ნინო დაშნიანი.
"მრავალი დაპირების მიუხედავად, ყოველი წვიმის დროს გვეტბორება
სარდაფები. არაადამიანურ, სამარცხვინო პირობებში ვცხოვრობთ. რამდენიმე
დღის წინ ქუჩაში უცხოელები იყვნენ სტუმრად და თავი სოფელში ეგონათ.
ვიცით, რომ ხელისუფლებას ტურიზმის აყვავება უნდა და ასეთ სიტუაციაში
სასაცილოდ ჩანს ეს ქალაქი, ტურისტების თვალშიც და ჩვენს
თვალშიც," - ამბობენ კლდიაშვილის მეხუთე შესახვევში
მცხოვრებლები.
მათივე ინფორმაციით, ქუჩაზე ასეთი მდგომარეობა მას შემდეგაა,
რაც წყლის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ამ დრომდე მოუწესრიგებელი რჩება
სანიაღვრე ქსელი და გზა, რომლის შეკეთების პირობა მათთან ხელისუფლების
წარმომადგენლებმა გასულ წელს, წინასაარჩევნო პერიოდში დადეს.
"არ შევწყვეტთ ჩვენი მოთხოვნების გაჟღერებას იქამდე ვიდრე არ
შეასრულებენ დანაპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ
აქციებსაც მივმართოთ," - ამბობს ადგოლობრივი მეგი კუხიანიძე.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კლდიაშვილის მე-4 შესახვევი ამ
ეტაპზე სარეაბილიტაციო გზების ნუსხაში არაა ჩასმული.
"აუცილებლად ჩაისმება. ქუთაისის მერიამ აღნიშნულ გზაზე ანაფრეზი
შეიტანა იმისთვის, რომ ვიდრე გზა დაიგება მოსახლეობას გადაადგილების
პრობლემა არ შეექმნას," - აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესცენტრში.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქუთაისში, ძირითადად, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების
განხორციელებას გეგმავს. თუ რომელი ქუჩების გზის საფარის შეკეთება
იგეგმება წელს
ნახეთ აქ.
უწყებაში განმარტავენ, რომ დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალში გეგმის
დამტკიცებისას, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.
მასალის გამოყენების პირობები