ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ კანდიდატს, იმერეთის
ყოფილ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს, პარლამენტის დეპუტატის მოწმობას
19 მაისამდე გადასცემენ.
ცესკოს, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოსაქვეყნებლად ვადა 17
მაისამდე აქვს, რის შემდეგაც, გამარჯვებულ კანიდიდატს შესაბამისი
მოწმობა 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს, თუმცა ეს, შესაძლოა, უახლოეს
2-3 დღეშიც მოხდეს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, 7 მაისი არის
კენჭისყრასთან დაკავშირებით შედგენილი საჩივრების გასაჩივრების
ბოლო ვადა. ხვალ კი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც არჩევნების
შედეგებს შეაჯამებენ.
"სხდომის შემდეგ ორი დღის ვადაში უკვე შეგვიძლია დროებითი მოწმობა
გადავცეთ გამარჯვებულ კანდიდატს. 19 მაისი არის უკიდურესი ვადა,
თუმცა, ეს შესაძლოა უფრო ადრე მოხდეს", - ამბობენ ცენტრალური
საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში.
ვანისა და ხონის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018 წლის
28 აპრილს ჩატარდა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების"
კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო.
გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად 2015 წლის 23 თებერვალს
დაინიშნა.
საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ, ამ დრომდე მის მოვალეობას
ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ წარადგენენ
პოსტზე იმერეთის ახალ გუბერნატორსაც. თუმცა, უცნობია
იქნება თუ არა ეს გრიგოლ დალაქიშვილი.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ ვინ ან
როდის დაინიშნება გუბერნატორის პოსტზე. ამბობენ, რომ ახალი
გუბერნატორის წარდგენა უახლოეს დღეებში არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები