ქუთაისის საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, დავით
გოგისვანიძე, ადგილობრივ ხელისუფლებას, უარყოფითი სატენდერო
გამოცდილების მქონე კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში
ადანაშაულებს.
დავით გოგისვანიძის თქმით, ინდ.მეწარმე ლევან ბოლქვაძეს, რომლესაც
ქალაქის ხელისუფლებამ ორმაისობის ღონისძიებების ორგანიზება ანდო,
ტენდერებში მონაწილეობის უარყოფითი ისტორია აქვს და მასთან
ხელშეკრულების გაფორმებით, ქუთაისის მერიამ ღონისძიებების ჩატარება
საფრთხის ქვეშ დააყენა.
"სრული არაკომპეტენტურობა გამოიჩინა ქალაქის ხელისუფლებამ, როდესაც
ისეთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც სწორედ ასეთივე
ტენდერი ვერ შეასრულა საჩხერის მუნიციპალიტეტში და დავების საბჭომ მას
ამის გამო გაფრთხილებაც მისცა. საბჭოს გადაწყვეტილებიდან სულ რაღაც
ერთ თვეში კი, ქუთაისის მერია ასეთ ადამიანს ანდობს ორმაისობის
ღონისძიებების ორგანიზებას. ხელისუფლებამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს
ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება, რადგან არსებობს გონივრული
ეჭვი, რომ აქაც ის ვერ შეასრულებას თავის ვალდებულებას და შესაძლოა,
ეს ღონისძიებაც ჩაიშალოს", - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
მისივე თქმით, კომპანია შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ შავ სიაშიც
შეიყვანა.
ოპოზიციის შიშებს არ იზიარებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ქუთაისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე, რუსუდან
ჩინჩალაძე ოპოზიციის ბრალდებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავს,
საჩხერეში ბოლქვაძის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს
კი უმნიშვნელოდ მიიჩნევს.
"ბატონი დავითის განცხადებაში არის დანაშაულის ნიშნები, რადგან
წარმოუდგენელია ასეთი ბრალდება გააკეთო იმ სააგენტოს მიმართ, რომელიც
ატარებს ამ შესყიდვებს. რაც შეეხება საჩხერეს შემთხვევას, მან მხოლოდ
მოსაწვევების მიტანა ვერ მოახერხა და ეს იყო იმდენად უმნიშვნელო
ხარვეზი, რომ ამას არ შეიძლებოდა საფრთხის ქვეშ დაეყენებია
ღონისძიება", - ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.
შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ინდ.მეწარმე ლევან
ბოლქვაძემ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ, 2017 წლის 29
ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი 26 900 ლარად მოიგო. სატენდერო
პირობების მიხედვით, მას უნდა დაემზადებია საახალწლო მოსაწვევები,
სასაჩუქრე ნივთები, უზრუნველეყო საახალწლო დეკორაციების მოწყობა,
ასევე, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, თუმცა, დავების
საბჭოს ინფორმაციით, მან ვერ უზრუნველყო საბავშვო სპექტაკლის
ორგანიზება, ასევე, არ შეიძინა ანიმაციური გმირებისა და თოვლის ბაბუის
ფორმები.
ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, ლევან ბოლქვაძეს
გაფრთხილება მიეცა და 5 400 ლარით დაჯარიმდა. სააგენტოს ინდ.მეწარმე
შავ სიაში არ შეუყვანია.
ინდ.მეწარმედ დარეგისტრირებული ლევან ბოლქვაძე, დავების საბჭოს
გადაწყვეტილებიდან ორ კვირაში შპს "ჯეო ივენთს" აფუძნებს და ქუთაისის
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს, რომელსაც 39 500
ლარად იგებს.
ლევან ბოლქვაძე ამბობს, რომ ამით მას კანონი არ დაურღვევია.
"სპეციალურად ქუთაისისთვის არ დამიფუძნებია და არც მახსოვს მაშინ იყო
თუ არა ორმაისობის ტენდერი გამოცხადებული. 70-მდე ხელეშკრულება მაქვს
გაფორმებული და ეს ერთი აღმოჩნდა არაჯეროვნად შესრულებული, რადგან
დროში ვერ მოესწრო. ამისთვის ჯარიმაც გადავიხადე და სატენდერო
თანხიდან ის 1 900 ლარიც არ ამინაზღაურეს, რომლის ვალდებულებაც ვერ
შევასრულე", - ამბობს ლევან ბოლქვაძე.
ლევან ბოლქვაძემ შპს "ჯეო ივენთი" 2018 წლის 5 აპრილს დააფუძნა.
კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
"ჯეო ივენთთან" ერთად, ლევან ბოლქვაძეს კიდევ ორი კომპანია შპს
"ენერჯი გრუპი" და შპს "ენერჯაიზერი" ეკუთვნის, სადაც, ასევე,
დირექტორი და 100%-იანი მეწილეა.
ბოლქვაძეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 50-მდე
ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი ამჟამადაც რამდენიმე
ხელშეკრულებას პარალელურ რეჟიმში აფორმებს.
მასალის გამოყენების პირობები