სოფლები იმერეთში, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ
11:34 / 23.04.2018
იმერეთში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით, 57 სოფლის გარდა,
დამატებით 10 სოფელი ისარგებლებს.
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათები
მიენიჭა: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩს; ჭიათურის
მუნიციპალიტეტის სოფლებს: მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი და წყალშავი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მზვარე, ჩრდილი და გედსამანია;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის
სოფელ მუხურას.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას სულ 14 სოფელი დაემატა. იმერეთის
სოფლების გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ბორჯომის
მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტაძრისი და საკირე; მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელს ბრდაზორს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი
ღოღეთს;
"მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას
ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი,
პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით
შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე
ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე
მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს
არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც
გახლავთ. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით
გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი
რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების
განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი
მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა 19 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე. .
იმერეთის რეგიონის 529 სოფლიდან მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი
ამდრომდე მხოლოდ 57–ს ქონდა.
აღსანიშნავია, რომ ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი 2016 წლის
პირველი იანვრიდან, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ
კანონის ამოქმედების შედეგად მოეხსნა. ამის გამო, ადგილობრივი
მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან სტატუსის გაუქმებამ
ტყიბულში დასაქმებული მეშახტეებისთვის საგადასახადო შეღავათების
გაუქმება გამოიწვია და მათი შემოსავალი შეამცირა.
მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე დასახლებაში 2016 წლის იანვრიდან
გარკვეული შეღავათები ამოქმედდა. კერძოდ, ფიზიკური პირი საშემოსავლო
და ქონების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე პირები მოგებისა და ქონების
გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ასევე, ოჯახს პირველი და მეორე
ბავშვისთვის 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი, ხოლო მესამე
და ყოველი შემდგომის ბავშვისთვის 2 წლის განმავლობაში 200 ლარიანი
დახმარება ენიშნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მიერ, საჯარო სკოლებისა და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე, ვაუჩერის
გაზრდილი ოდენობა გაიცემა. ასევე, პენსიისა და სოციალური პაკეტის
ყოველთვიური დანამატი არანაკლებ 20 %-ისა, ზამთრის პერიოდში გათბობის
უზრუნველყოფა - ეს იმ საშეღავათო პირობების ჩამონათვალია, რომელიც
"მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით
უკვე ძალაშია.
შეღავათების ნაწილი კი ეტაპობრივად 2016 წლის სექტემბრიდან
ამოქმედდა.
საქართველოს პარლამენტმა "მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ"
კანონი 2015 წლის ივლისში მიიღო.
მის მიღებამდე "მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და
კულტურული განვითარების შესახებ" კანონი მოქმედებდა, რომელიც 1999
წელს იყო მიღებული. თუმცა, მას შემდეგ რაც ახალი ნორმატიული აქტი
ამოქმედდა, ის ძალადაკარგულად გამოცხადდა.
"მაღალმთიანი რეგიონის განვითარების შესახებ" კანონის მიხედვით,
მაღალმთიან დასახლებად ითვლება სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 1500
მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. ასევე, სტატუსის ერთ-ერთი
განმსაზღვრელი ფაქტორი მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის
მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემოა.
რაც შეეხება "მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს", მისი შემადგენლობა
46 წევრით დაკომპლექტდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ხელმძღვანელობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები