დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 45 წლის
პაციენტი გარდაიცვალა.
ლალი ჩიხრაძეს კლინიკაში აპენდიციტზე ჩაუტარდა ოპერაცია. ორ დღის
შემდეგ კი კლინიკაშივე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში სამედიცინო პერსონალს
ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პაციენტი რამდენიმე საათის
განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული.
"ვერ გაიგეს რა იყო, ნაღველზე გაქვს პრობლემაო უთხრეს და მკურნალობა
დაუნიშნეს. ორ დღეში, კვლავ მივიდა, რადგან მძიმედ იყო. ამის შემდეგ
უთხრეს, რომ ნაღველი კი არა ბრმანაწლავი იყო მიზეზი და
მკურნალობისთვის ქუთაისში წასვლა ურჩიეს. ინტერვენციულ ცენტრში კი
საათობით ალოდინეს. დილას შეყვანილს, საღამოს გაუკეთეს ოპერაცია.
უყურადღებობით მოკლეს" - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც
პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ, რომ დაწესებულებაში
შეყვანის მომენტში ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა,
კლინიკაში შეყვანიდან რამდენ ხანში ჩაუტარდა მას ოპერაცია, ამაზე არ
საუბრობენ.
"ხვალ არის ისტორიის განხილვა შიდა ხარისხის სამსახურში და ამის
შემდეგ ვისაუბრებთ დეტალებზე",- ამბობს ინტერვენციული მედიცინის
ცენტრის კლინიკური დირექტორი, გიორგი ხუციშვილი.
ინტერვენციულში გადაყვანამდე, პაციენტი წყალტუბოს რაიონულ
საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილის ახლობლების თქმით,
არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.
წყალტუბოს რაიონულ საავადმყოფოში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და
ამბობენ, რომ განმარტებას შემთხვევის შესწავლის შემდეგ
გააკეთებენ.
"ახლა არ ვარ კლინკაში. ჯერ უნდა შევკრიბოთ ყველა ინფორმაცია
პაციენტის შესახებ. ორშაბათს შევისწვალით შემთხვევას
და ამის შემდეგ გეტყვით ყველაფერს",-ამბობს კლინიკის დირექტორი,
შალვა თავხელიძე.
მასალის გამოყენების პირობები