"ქართული ოცნების" დეპუტატებს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად
შევსების შემთხვევებზე, დაჯარიმების მექანიზმის არსებობა არ მოსწონთ
და მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს ჯარიმის გამოწერისა და
დასჯის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
შესაბამისი შეფასებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა, სადაც
"საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც დეპუტატმა მირიან წიკლაურმა განაცხადა, საჯარო სამსახურის
ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირის
ქონებრივი დეკლარაციის გადასინჯვისას აღმოჩენილი ხარვეზის
შემთხვევაში, დეკლარანტი გააფრთხილოს და ხარვეზის გასწორება
მოსთხოვოს, სანქციის დაწესება კი, მხოლოდ ხარვეზის გამოუსწორებლობის
შემთხვევაში მოხდეს. პარლამენტის წევრის თემურ ჭკუასელის ინფორმაციით,
თანამდებობის პირები დაუდევრობის გამო ჯარიმდებიან, რისი
შესაძლებლობაც ბიუროს არ უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება, "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ინიცირებული
პროექტის მიხედვით, ქონებრივ დეკლარაციაში მთელი რიგი ცდომილებები,
შესაძლოა, არაარსებით დარღვევად ჩაითვალოს, რომელთა გამოვლენის
შემთხვევაში, თანამდებობის პირები არ დაჯარიმდებიან. ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციაში "არაარსებითი ცდომილებების" გამოვლენის
შემთხვევაში, თანამდებობის პირის დაჯარიმების ნაცვლად, მისი
გაფრთხილება მოხდება.
ამავე პროექტის მიხედვით, თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის
არასწორად და არასრულად შევსების შემთხვევაში, 1000-ლარიანი ჯარიმის
ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს 25%-ის ოდენობის ჯარიმის გადახდა
მოუწევთ. პროექტით, ასევე დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც
500 ლარი იქნება, თუმცა უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ჯარიმის
ოდენობა კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს.
პარლამენტში "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მეორე
მოსმენით მიმდინარეობს.
ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1000 ლარით
დააჯარიმეს. განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმღვანელს, მაია ხვედელიძეს სანქცია
საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის დეკემბერში, დეკლარაციის
არასრულად შევსების გამო დააკისრა.
წყარო:interpressnews.ge
ამავე თემაზე:
ხარვეზი
თუ ქონების დამალვის მცდელობა - საჯარო მოხელეების არასრული
დეკლარაციები (გადაცემა)
საჯარო
მოხელეები, რომლებსაც დეკლარაციებში ქონების შეტანა "დაავიწყდათ" ,
შესაძლოა, დაჯარიმდნენ
ზესტაფონში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1 000 ლარით
დააჯარიმეს
თანამდებობის პირების მიერ "დამალული" შემოსავლები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში
მასალის გამოყენების პირობები