ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან ქუჩაში მცხოვრები ბავშვების
ექსპლოატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების ამსახველ ნახატებს,
რომელიც, დაახლოებით, თვენახევრის წინ გამოჩნდა, ახალი ნახატი
გადაახატეს.
ის დედაენის თემაზე შესრულებული
ნახატით შეიცვალა, რომლის შესაქმნელად
ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონკურსი, მიმდინარე წლის
მარტში,
გამოაცხადა.
კედელი World Vision-ის კამპანიის "ეს არ არის ჩემი არჩევანი"
ფარგლებში მოიხატა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ექსპლოატაციის
შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
"მოულოდნელი და ორმაგად გულდასაწყვეტი იყო", - ასე აფასებენ
სტენსილების გადახატვას World Vision
Georgia-ში. ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ქუთაისის მერიასთან
ნახატის კონცეფიაც და ადგილმდებარეობაც სრულად შეთანხმებული იყო.
მიუხედავად ამისა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე
სტენსილები გადაიღება.
"რა თქმა უნდა, არ იყო საუბარი იმაზე რომ ეს ნახატი მუდმივად
დარჩენილიყო. ჩვენ გვესმის, რომ ქუჩის მხატვრობა არ არის მუდმივი.
თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩვენთან ამ გადახატვის თაობაზე არანაირი სახის
კომუნიუკაცია არ ყოფილა. თანაც ძალიან ცოტა დრო გავიდა, რომ
საზოგადოებას დამახსოვრებოდა ეს მესიჯები. ფაქტობრივად, შრომა,
ენერგია და ფინანსური რესურსებიც წყალში გადაიყარა, რაც ამ ნახატის
შექმნას მოხმარდა", - ამბობს ორგანიზაციის კომუნიკაციების დირექტორი,
ანა ჩხაიძე.
ორგანიზაცია მერიას ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მათგან
ფაქტზე განმარტებას სთხოვს.
World Vision Georgia -ი ქუჩაში მცხოვრები ბაშვების პრობლემებზე 2013
წლიდან მუშაობს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ საკითხზე
განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
როგორია ქალაქში კედლის მხატვრობა და რამდენად გემოვნებით იხატება ის,
ნახეთ ქუთაისიპოსტის სტატია
აქ.
ამავე თემაზე:
როდესაც კედელი ნახატს ჯობია -
კედლის მხატვრობა ქუთაისის ცენტრში
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები