ახალი ამბები
რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე
FaceBook
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშების მიმოხილას აქვეყნებს, რომელიც ეფუძნება ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შპს „საქნახშირის“ (ჯი აი ჯი ჯგუფი) კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ორჯერ, 2016 წელსა და 2017 წელს შეამოწმა.

გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ანალიზი აჩვენებს, რომ საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით პრობლემები სისტემურია.

ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემულ ანგარიშში ვკითხულობთ: „შპს „საქნახშირის“ კუთვნილ საწარმოში დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და უხეშად ირღვევა მათი შრომითი პირობები და უფლებები. დაკისრებულ მოვალეობებს დასაქმებულები ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში“.

საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს არსებობა ტყიბულის შახტებში

ინსპექტირების მასალების მიხედვით, საწარმოს სხვა უბნებთან შედარებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში, თუმცა, შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს გამართული მოწყობის/ფუნქციონირების პრობლემაა საწარმოს ყველა უბანზე.

2017 წელს ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები გამოვლენილი მძიმე დარღვევები:

ვაგონების სამუხრუჭედ გამოიყენება ფიცრის ნაჭრები;
გალში (ადამიანების ასაწევი და ჩასაყვანი მოწყობილობა) არ არსებობს სამანქანო განყოფილებასთან კავშირის საშუალებები;
შახტის გვირაბებში შეინიშნება ჭერის დაზიანება, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს;
ადამიანების სიმაღლიდან ვარდნის ადგილები არ არის შემოღობილი და დაცული სასკიპე ჭაურის სამანქანო კამერაში;
შახტაში მოძრავ ზოგიერთ ელმავალს არ გააჩნია მემანქანისათვის განკუთვნილი სკამი, ხოლო სამგზავრო ვაგონები არ არის მოწყობილი სტანდარტის შესაბამისად;
ქვესადგურში დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი დიალექტრიკული საშუალებებით (ჩაფხუტი, ბოტი, ხელთათმანი, ხალიჩა);
400 ნიშნულის დამხმარე ჭაურის ლიფტის კარები და ბაქანი მოსაწესრიგებელია, რათა გამოირიცხოს ადამიანების ვარდნის საფრთხე;
შახტაში არსებული მაღალი ძაბვის ქვესადგური დაუცველია გარეშე პირთა შეღწევისგან, არ არის განათება ერთ მხარეს არსებული კარი ღიაა, ხოლო მეორე მხარე კარის გარეშეა.
შახტაში დარღვეულია ღია ცეცხლის გამოყენების წესი;
მინდელის შახტაში 300 ნიშნულის აღმოსავლეთ საველე შტრეკში სავენტილაციო მილი და ელექტრო კაბელები ერთ მხარეს არის განთავსებული;
ჩამყრელ ბუნკერებთან დასაქმებულებს, არ აქვთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სათვალე და რესპირატორი);
კვეშლაგში გვირაბის სიღრმიდან გამომდინარე დასაქმებულებს უწევთ მოუხერხებელ პოზაში გადაადგილება/მუშაობა;
სამანქანო არსებული ელექტრო ფარი არ არის შეფუთული/დაკეტილი დადგენილი წესით;
გადამყირავებელ უბნებზე არ არის დამონტაჟებული ასპირაციული სისტემები და სხვა.

2016 წელს ჩატარებული მონიტორინგის დროს კი მინდელის შახტაში დამატებით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

• დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, არ არიან უზრუნველყოფილი სპეციალური ტანსაცმლით და არ გააჩნიათ სააფთიაქო ყუთი.
• შახტაში, სამუშაო ადგილის/უბნის მიმდებარედ დამაკავშირებელი გვირაბი (50კვ.მ ტერიტორია) გადავსებულია ფეკალიებით, რაც ნაწლავური ინფექციების აღმოცენების და გავრცელების რეალური საფრთხეს შეიცავს.
• სამუშაო ადგილზე არ არის პერსონალის შესვენებისათვის აუცილებელი ფართი. ამის ნაცვლად, დასაქმებულებს მოწყობილი აქვთ დროებითი მოსასვენებელი ადგილი მუყაოს ნაჭრებით.
• გადასაადგილებელი ვაგონები მოსაწესრიგებელია, სარელსე მეურნეობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.
• არ ფუნქციონირებს მუშათა ჩასხდომის სასიგნალო სისტემა.
• პერსონალი შეხებაშია სხვადასხვა მჟავებთან.
• ტერიტორია გადატვირთულია უყურადღებოდ დატოვებული მანქანა დანადგარებისათვის განკუთვნილი ზეთის ავზებით.
• შახტის შესასვლელი ტერიტორია გადატვირთულია სხვადასხვა წარმოშობის ლითონის გადანაყრებით. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა.

სამუშაო გარემოს გავლენა პერსონალზე და პროფესიული დაავადებები

საწარმოებში ინფრასტრუქტურის სიძველე ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს და დაზიანებული ტექნიკის გამო დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება ფიზიკური ძალის გამოყენებით უწევთ. ამას გარდა, შახტაში მოძრავი მექანიზმები არ არის უზრუნველყოფილი ეფექტიანი მტვერსაწინააღმდეგო საშუალებებით, მოსაწყობია სპეცტანსაცმლის გაუმტვერიანების სათავსო, საინჰალაციო, ფოტორიუმი და სხვა. შახტაში მომუშავე პერსონალისთვის მოუგვარებელია სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების საკითხი. მოუწესრიგებელია სასადილო ტერიტორია.
2016 წლის ინსპექტირების მასალებით ჩანს, რომ მონიტორინგის ჯგუფი გაეცნო საწარმოში არსებულ სამედიცინო ჟურნალებსა და ისტორიებს. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ დასაქმებულთა უმეტესობას აღენიშნება გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ჰიპერტენზია, დასაქმებულთა ნაწილში ფიქსირდება სტენოკარდიული შემთხვევებიც.

ამას გარდა, დასაქმებულებს შორის განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:

- რესპირატორული დაავადებები, რაც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით სამუშაო ადგილებზე, მტვრის მომატებული კონცენტრაციით და სამუშაო პირობებთან შეუსაბამო სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობით;
- დასაქმებულებს შორის ხშირია სმენის პრობლემები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია სმენის დამცავი (ხმაურჩამხშობი) საშუალებების არქონით და მომეტებული საწარმოო ხმაურით სამუშაო ადგილზე;
- ამას გარდა, ფიქსირდება დასაქმებულთა მხედველობის სხვადასხვა სახის დარღვევები, რაც შესაძლოა განპირობებული იყო არასაკმარისი განათებით და მხედველობის ორგანოს ზედმეტი დაძაბვით;
- საწარმოო უბნებზე დასაქმებულები არ არიან აღჭურვილნი ვიბრაციის საწინააღმდეგო ხელთათმანებით, რის გამოც უვითარდებათ ვიბრაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
- მძიმე სამუშაო გარემოს გამო, დასაქმებულებს უწევთ ფიზიკური სამუშაოს შესრულება არახელსაყრელ საწარმოო გარემოში, რის გამოც გახშირებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები.

გახშირებულია საწარმოო ტრავმატიზმი. პერსონალს შორის ხშირია ზედა და ქვედა კიდურის სხვადასხვა სიმძიმის ნასერი და ნაგლეჯი ჭრილობები, რაც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დაუცველობით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობით. ხშირია, უცხო სხეულით თვალის დაზიანებების შემთხვევები, რაც მათ შორის, დამცავი სათვალის არარსებობით არის გამოწვეული. ფიქსირდება აირით მოწამვლის შემთხვევები, რის შედეგადაც დასაქმებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სიმპტომები.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) აღნიშნავენ, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, ე.წ. რემონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესამოწმებლად საწარმოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშებში ასახულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს ეფუძნება და საწარმოს მიერ მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ფაქტის შედეგად ტყიბულში 13 შვილი დაობლდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

ამავე თემაზე:

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებუ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.