"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"
მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმერეთის
რეგიონში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ნულოვანი მაჩვენებელი
აქვს ვანისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს ორგანიზაციას, ჭიათურის გამგეობისთვის
გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან პასუხი არც ერთზე არ მიუღია. პასუხების
გარეშე დატოვა ყველა წერილი ვანის საკრებულომაც. ამ მონაცემების გამო,
იმერეთის ეს ორი მუნიციპალიტეტი ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო
დაწესებულებათა სიაში მოხვდნენ.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა
ქუთაისში. კვლევის მიხედვით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ და საკრებულომ
ორგანიზაციას ყველა მოთხოვნილ ინფორმაციაზე გასცა პასუხი. ინფორმაციის
მაღალი ხელმისწავდომობით, ასევე, გამოირჩეოდა წყალტუბოს გამგეობა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოკვლია, რა ტიპის ინფორმაციის
გაცემაზე ამბობენ უარს საჯარო დაწესებულებები ყველაზე ხშირად. კვლევის
მიხედვით, დაწესებულებების 26%-მა უპასუხოდ დატოვა თანამდებობის
პირებზე პრემიებისა დ ხელფასების გაცემის შესახებ სამართლებრივი
აქტების მიწოდების მოთხოვნა. საჯარო დაწესებულებები, ასევე, ხშირად
არღვევენ საჯარო ინფორმაციის გაცემის 10 დღიან ვადას.
7 728 მოთხოვნილი ინფორმაციიდან, ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ, ანუ 3
დღის ვადაში მხოლოდ 695-ზე მიიღო პასუხი.
ჯამში, 2017 წელს, საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728
მოთხოვნაზე, IDFI-მ სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე,
არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარს ადგილი
ჰქონდა 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა, ხოლო
1 644 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ
განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი
ინფორმაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ყველაზე დახურულ უწყებად შემოსავლების
სამსახური დაასახელა, სადაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლი
2016, 2017 წლებში 0% -ია.
IDFI-მ 2017 წლის მონაცემები წინა წლების შედეგებსაც შეადარა.
2010-2017 წლების სტატისტიკის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული
მაჩვენებელი (90%) 2013 წელს დაფიქსირდა. 2014 წელს აღნიშნული
მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, 2015 წელს - 86%, ხოლო 2016 წელს -
85%. 2017 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა გარკვეულწილად გაიზარდა
და 88% შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები