ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ამუშავდა.
საწარმოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია
"ატლანტიკ ჯგუფი" ამუშავებს, რომელიც ევროპული სტანდარტების
ელექტროგამაცხელებლებს დაამზადებს.
საწარმო დღეს ოფიციალურად ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს
ერთი კარგი მაგალითია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის
თანამშრომლობის.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოში უკვე
დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და უკვე გეგმიურად, დღეში 500-მდე
ელექტროგამაცხელებელი იწარმოება. ქარხანაში წარმოებული პროდუქტი,
კვირაში ორჯერ ექსპორტზე გავა, მათ შორის, საქართველოს მეზობელ
ქვეყნებში.
"ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა
ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც
უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის
ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120
ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული
უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება
და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო", - აღნიშნა
დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ
საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები და ის
ექსპორტზე რეგიონალურ ბაზარზე გავა.
ფრანგული კომპანია "ატლანტიკ ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა
დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას
ფლობს.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.
დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო
პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების,
საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება.
მასალის გამოყენების პირობები