ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგებას
ადგილობრივები ყოველ წელს, აღდგომის დადგომამდე ელოდებიან. თუმცა,
როგორც ირკვევა, ტერიტორიის ბეტონის საფარით მოწყობა არც წელს
იგეგმება.
უბნის მცხოვრებთა თქმით, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში სასაფლაომდე
მისვლა შუძლებელი ხდება.
"ყოველ წელს, როცა წვიმიანი ამინდია, აღდგომის დღესასწაულზე აქ გავლა
შუძლებელია. ჯერ უამრავი ხალხია და მერე იმდენი ტალახია, ხალხი
საფლავებთან ვერ მიდის. ყოველ წელს გვგონია, რომ მოაწესრიგებენ,
მაგრამ ამაოდ",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შპს ,,ქართული ტრადიციები 2011-ში'' ამბობენ, რომ ყოველ წელს ბეტონის
საფარს ერთ სასაფლაოზე აგებენ. წელს რიგში გოჭოურას სასაფლაო მოხვდა,
ავანგარდის სასაფლაოზე კი 2018 წელს ბეტონის საფარი არ დაიგება.
,,ჩვენს მიერ ყოველ წელს, ეტაპობრივად ხდება კონკრეტულ ერთ
სასაფლაომდე მისასვლელი და შიდა გზების მოწესრიგება, ასფალტის საფარის
დაგება. ავანგარდის სასაფლაოზე, აღდგომამდე სპეცტექნიკით გაიწმინდება
და ჩატარდება მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები ავანგარდისა და
ავტოქარხნის სასაფლაოების ცენტრალურ და შიდა გზებზე",-ამბობენ მერიის
შპს-ში.
მათივე ინფორმაციით, ბეტონის საფარი დაგებულია ჭომის, ოღასკურის,
კიბულა-ვარდიგორის, საფიჩხიის, რუას და
ძელქვიანის სასაფლაოებამდე მისასვლელ და შიდა გზებზე.
ასევე, გოჭოურასა და ავტოქარხნის სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე, თუმცა,
არ არის მოასფალტებული გოჭოურას სასაფლაოს მთავარი შიდა მისასვლელი
გზა.
ავანგარდის სასაფალო კი ერთადერთია, სადაც ბეტონის საფარი საერთოდ არ
არსებობს და წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.
როგორ გამოიყურებოდა მისასვლელი და შიდა გზები ავანგარდის სასაფლაოზე
ერთი წლის წინ,
ნახეთ ვიდეო.
მასალის გამოყენების პირობები