2018 წლის სექტემბრიდან მთავრობა ინტერნეტის ინსტალაციის ვაუჩერების
გაცემას იწყებს.
ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა
„ინტერნეტი განვითარებისთვის“ ავრცელებს.
პროგრამა ორ სამიზნე ჯგუფზე გავრცელდება: ადგილობრივ მეწარმეები და
სოციალურად დაუცველი ოჯახები. ბენეფიციართა რაოდენობა
დაახლოებით 60 000-ია.
მომხმარებლები ნებისმიერი ინტერნეტ პროვაიდერის სერვისით სარგებლობას
შეძლებენ. მზადდება ვებ-პორტალი, სადაც ყველა ინტერნეტსერვის
პროვაიდერი, ვისაც სურვილი აქვს პროგრამაში ჩაერთოს,უნდა
დარეგისტრირდეს, განათავსოს შეთავაზება იმაზე თუ რა ტერიტორიას ფარავს
და შესაბამისად, თავისი პაკეტი მიუთითოს. ამის შემდეგ მომხმარებელს
საშუალება ექნება, საიტის მეშვეობით აირჩიოს მისთვის მისაღები
პროვაიდერი, დაუკავშირდეს მას და პირველადი ინსტალაციის მომსახურება
უფასოდ მიიღოს.
2018 წლის განმავლობაში პროექტი საპილოტე იქნება და ვაუჩერებს მხოლოდ
ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ,
რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოში და მათი
სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება.
საპილოტე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ფართოზოლოვან ინტერნეტს
მინიმალური 2 მეგაბიტი/წამში სიჩქარიდან მიიღებს. პირველ ეტაპზე
დაიფარება 1000 მეწარმე (შიდა ქართლში,ქვემო ქართლში, კახეთში,
მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სამაგრელოში) და 5 000
ოჯახი.
შეგახსენებთ, 2016 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად
დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და
ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა. პროექტის
ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა.
ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდებოდა, მეორე
ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი უნდა
ყოფილიყო.
პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 20 მილიონი ლარის სესხი გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები