კომპანია "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში, ყოფილი ხელისუფლების დროს გადაცემული 13 ობიექტი დათმო.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს."შიტრიტ ჯგუფის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაგროვილი დავალიანება გასული წლის მონაცემების მიხედვით, 9 მილიონ ლარზე მეტი იყო. ამ დროისთვის კი "შიტრიტ ჯგუფის" დავალიანება 10 მილიონზე მეტია.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია განმარტავს, რომ წინა ხელისუფლების დროს კაბალური ხელშეკრულების გაფორმების გამო, ინვესტორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და ინესტიციის დრო გაუშვა.
ფართი ე.წ წივწივაძის მაღაზიის თავზე, ორი მიწის ნაკვეთი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქუთაისში, თეთრ ხიდზე არსებული ფართი - ეს იმ ქონების ნაწილია, რასაც "შიტრიტ ჯგუფი" ფლობდა ქუთაისში. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საერთო ჯამში 2011 წელს კომპანიისთვის გადაცემული ქონება 3 143 000 ლარის ღირებულების იყო. ამ დროისთვის კი აღნიშნული ქონების ფასი 4,5 მილიონი ლარია.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ქონების დათმობის თაობაზე "შიტრიტ ჯგუფშის" წერილობითი თანხმობა არსებობს. კომპანიამ მერიას საინვესტიციო ვალდებულებებისგან და ჯარიმების საურავებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით 2014 წლის 16 სექტემბერს მიმართა.
"ესაა მოლაპარაკება სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის. თუმცა, მას ამ ჯარიმებს არავინ აპატიებს," - აცხადებს შოთა მურღულია.
ქუთაისის მერიასა და იებრაელ ინვესტორს შორის მოლაპარაკებებში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთვება.
"შიტრიტ ჯფუფმა" ქუთაისში 2011 წელს, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი, 3 143 000 ლარად შეიძინა. კომპანიას აღნიშნული ობიექტებიდან სამ მათგანზე სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 იანვრისთვის უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მითითებულ ვადებში "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო "
Empire" დაასრულა.
ქუთაისის მერი მიმდინარე წლის იანვარში აცხადებდა, რომ "შიტრიტ ჯგუფთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობდა: "მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ ის ჯგუფი ისევ შემობრუნდება ქუთაისში".
კომპანია ამერიკელი ბიზნესმენის, შიმონ შიტრიტის საკუთრებაა. შიმონ შიტრიტი ამავე დროს ქუთაისი საპატიო მოქალაქეცაა.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები