ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ჭავჭავაძის გამზირზე 12
ავტომობილის მძღოლი, რომლებიც ადგილზე გარევაჭრობას ახორციელებენ,
თითოეული 120 ლარით დააჯარიმა.
120 ლარით გარემოვაჭრეების დაჯარიმება გააპროტესტა საკრებულოს
დეპუტატმა. მერაბ მეშველიანის თქმით, მერიამ კანონით გათვალისწინებული
80 ლარის ნაცვლად, 120 ლარიანი ჯარიმები გამოწერა. გარდა
ამისა, არ მომხდარა მათი გაფრთხილება.
"გაუფრთხილებლად, 120 ლარით დააჯარიმეს ავტომანქანების
მეპატრონეები, მაშინ, როცა კანონით ორ კილოგრამამდე ნარჩენის
დაყრისთვის 80 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული და მხოლოდ
განმეორების შემთხვევაშია ეს 120 ლარი. ამასთანავე, როგორც
დაჯარიმებულმა ადამიანებმა მითხრეს, არ მომხდარა მათი წინასწარ
გაფრთხილება", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა და ადგილობრივ
თვითმმართველობას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
დეპუტატის განცხადებას არ ეთანხმებიან ქუთაისის მერიაში.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით,
გარემოვაჭრეების დაჯარიმება კანონის გათვალისწინებით მოხდა.
"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩახედული იყვნენ კოდექსში, რომლის
მიხედვითაც, ავტომანქანიდან გარემოს დაბინძურება პირდაპირ
იწვევს 120 ლარით დაჯარიმებას და არავითარ განმეორებით შემთხვევაზე
საუბარი არ არის. ეს მცირე დეტალი, ეტყობა, გამორჩა ბატონ
მერაბს. რაც შეეხება იმას, იყვნენ თუ არა გარემოვაჭრეები წინასწარ
გაფრთხილებული, ნამდვილად მოხდა მათი გაფრთხილება", - ამბობს ზვიად
ჯავახია.
მისივე თქმით, გარდა ავტომანქანების მფლობელებისა, გარემოს
დაბინძურებისთვის 1 მარტიდან დღემდე 24 მოქალაქეა
დაჯარიმებული. თუმცა, ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი
გარემოვაჭრეებისთვის მერიას ჯარიმა არ გამოუწერია.
ქუთაისში 1 მარტიდან გარევაჭრობა აიკრძალა.
ამავე
თემაზე:
1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა
აიკრძალება
გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის
მერიაში
ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა
უშედეგოდ დასრულდა
ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები