ქუთაისში დღეს, 13:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ელოდებიან.
მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე საფრთხის ქვეშ მყოფ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - ბაგრატის საკათედრო ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსს- მოინახულებენ.
საქართველო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს
UNESCO--ს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან და წარმატებით ასრულებს ყველა რეკომენდაციას.
30 ივნისს კულტურის მინისტრი გერმანიაში, ბონში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას დაესწრება. კომიტეტზე განსახილველ ასზე მეტ საკითხთან ერთად, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების - მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და სხვა სამთავრობო და თვითმმართველი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, ქართული მხარე საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით და კოორდინაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს და ხაზს უსვამს მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების დაცვისა და განვითარების სფეროში ქვეყნის დამოკიდებულებას.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიის ფარგლებში, ბონში გაიმართება ევროპისა და ჩრდ. ამერიკის რეგიონის პერიოდული ანგარიშგების მეორე ციკლის დასრულების საზეიმო ღონისძიება, რომლის მასპინძელი საქართველო იქნება.
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენლისთვის იუნესკოში ქართული მიღება - ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, უშუალოდ დააგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, რომლის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-8 სესიაზე მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები