სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშში საცხოვრებელი სახლი
დააყაჩაღეს.
დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 თებერვალს
სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ერთ-ერთი მოქალაქის
საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ჯანმრთელობისა და
სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფული, ოქროს სამკაულები
გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1989 წელს დაბადებული, წარსულში
ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული
გ.ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული
6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნიღბები,
დანები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს
ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
მასალის გამოყენების პირობები