წყალტუბოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებმა
2017-2018 წლებში დეკლარაცია არასრულად შეავსეს.
ამ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მათ მიერ
ჩატარებული კვლევის საფუძველზე ავრცელებს.
"თანამდებობის პირებმა 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს
დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა
კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან
თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას", - ნათქვამია ორგანიზაციის
კვლევაში.
“საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევის ფარგლებში
თანამდებობის პირთა 70-მდე ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი,
თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი - 4; ასევე თერჯოლაში
თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი გამოვლინდა.
"აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა
და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას",
- აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".
კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და
აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა
პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის
საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი
დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე
მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად
საფუძვლებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტეში დარღვევები
აღმოაჩინეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძეს,
თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების”
თავმჯდომარე, კონსტანტინე ამაშუკელის, თერჯოლის მერის ბონდო
სოფრომაძის, თერჯოლის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო
სამსახურის ხელმძღვანელის, ავთანდილ
ურიადმყოფელის და თერჯოლის მერიის ეკონომიკისა და ქონების
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ნუგზარ
ფანჩულიძის მიერ შევსებულ დეკლარაციებში.
კერძოდ,
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ
ფანჩულიძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ
იგი არის შპს “იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ის ასევე
არის შპს “ბერტა იმერეთის” დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო
სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს
უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი. ნოდარ
ფანჩულიძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6 000 ლარი
შესწირა.
აღსანიშნავია ერთი მიგნება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ფრაქციის
თავმჯდომარის კუთვნილმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე
არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტთან.
ასევე, თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების”
თავმჯდომარის კონსტანტინე ამაშუკელის მიერ 2017 წელს შევსებული
დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს “სხივისა” და შპს “სხივი
2015”-ს დირექტორი და მეწილე. იგი დეკლარაციაში უთითებს, რომ
აღნიშნულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2017
წლის თებერვალში, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ
ორივე მეწარმე სუბიექტს აქტიური სტატური გააჩნია. შესაბამისად,
კონსტანტინე ამაშუკელი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის
თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო
დაწესებულების ხელმძღვანელი.
ხოლო თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ 2017 წლის ივლისში
შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ახალ დონეში”
100%-იანი წილის მფლობელი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი შვილი,
გიორგი სოფრომაძე ხელმძღვანელობს შპს “ახალ დონეს”.
თერჯოლის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
ხელმძღვანელ ავთანდილ ურიადმყოფელმა 2017 წელს შევსებულ
დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “მომმარაგებელის” 25 % წილის
მესაკუთრეა. ასევე კვლევის მიეხედვით ნუგზარ
ფანჩულიძემ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს
“კოლხიდა+_ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა
დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს
სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.
თერჯოლის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის
სამსახურის ასევე ნუგზარ ფანჩულიძემ დეკლარაციაში არ ასახა, რომ
მისი მეუღლე ნათელა გაბელაშვილი ხელმძღვანელობს და ფლობს წილებს
კომპანიებში: შპს “პანინი” - 100% წილის მესაკუთრე და
დირექტორი, შპს “ალტ-სოლუშენი” - 100% წილის მესაკუთრე და
დირექტორი
გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი გამოვლინდა
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების”
თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ
დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი დეიდა, მარიამ ჩიხლაძე არის
ქუთაისში საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასევე
წყალტუბოში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის
თანამესაკუთრე.
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -
კონსერვატორების” თავმჯდომარემ სერგო კირკიტაძემ 2017 წლის
სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ არის შპს “დანსის”
100%-იანი წილის მესაკუთრე. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ
მისი მეუღლე ანა წიწილაშვილი შპს “პროგრესი + 2006”-ის
დირექტორია.
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
თავმჯდომარე, მამუკა საღარეიშვილმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში
არ აღნიშნა, რომ იგი შპს “კურორტტურის” 25% წილის მესაკუთრეა.
წყალტუბოს მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის
სამსახურის უფროს გიორგი ჩაკვეტაძეს 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში
არ მიუთითებია, რომ იგი არის წყალტუბოს სოფელ მეორე უბანში 2295 კვ.მ.
მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
"თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების
შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი
ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი" - განმარტებულია
კვლევაში.
რატომ არ ასახეს დეკლარაციებში სრულად ოჯახის წევრთა კომერციული
საქმიანობები და რამდენად იცნობენ ორგანიზაციის კვლევას,
ქუთაისიპოსტი თერჯოლისა და წყალტუბოს მერიის წარმომადგენლების
შეფასებებსაც შემთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები