ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018-2024 წლების
სტრატეგიული გეგმა წარადგინა.
სწავლებისა და კვლევის ხარისხის განვითარება, ინტერნაციონალიზაციის
გაძლიერება, ინფრასტრუქტურული და მატერიალური სერვისების განვითარება,
მართვის სისტემების სრულყოფა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია,
რომელთა განვითარებასაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უახლოეს წლებში გეგმავს.
"ვთვლით, რომ ვალდებული ვართ საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები და
მიღწევები, რაც ჩვენს სასწავლებელს აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია
ვისაუბროთ დაინტერესებულ მხარეებთან რას ვაპირებთ მომავალში. მსგავს
ინტერაქტიულ შეხვედრებს საკმაოდ დიდი ხანია ვმართავთ", - ამბობს
უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.
საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტად, უნივერსიტეტის ცნობადობის
ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა, დაწესებულების როლის
გაძლიერება პროფესიონალების ჩამოყალიბებაში, პროფესიული განათლება და
ხარისხზე ორიენტირება დასახელდა.
პრეზენტაციაზე, აგრეთვე, გაცვლითი პროგრამების წარმატებით მუშაობაზე
ისაუბრეს. შეხედრაზე აღინიშნა, რომ ამ დროისათვის სასწავლებელს
ევროპისა და ამერიკის 50 წამყვან უნივერსიტეტთან აქვს ხელშეკრულება
გაფორმებული. უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი გახდა.
უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხილვას ადგილობრივი
თვითმმართველობის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლები და პოტენციური დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები