ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, საფინანსო
და ქონების მართვის კომისიების გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად
დატოვეს.
სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, კომისიის წევრები
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აღმასრულებლის მიერ
წარმოდგენილ ცვლილებათა პროექტს იწუნებენ და აცხადებენ, რომ
სინამდვილეში ბიუჯეტში არაფერი შეცვლილა და აღმასრულებელის მიერ
შეთავაზებული ვარიანტი ძველია.
"ასეთი ბიუჯეტის დამტკიცება არის
შეუძლებელი, აღმასრულებელმა წარმოგვიდგინა იგივე ბიუჯეტი,
რაც თავად დაიწუნეს. გამოდის რომ ხელისუფლება მის მიერვე
დაწუნებული ბიუჯეტის დამტკიცებას აპირებს", - განაცხადა საკრებულოს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა
შუშანიამ.
შუშანიამ პროექტის სრულყოფილად განხილვის მიზნით სხდომის
გადადება მოითხოვა, თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის
შემდეგაც, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა
პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
გიგა შუშანიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს
18 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე გავა დასამტკიცებლად, "ნაციონალური
მოძრაობა" მას მხარს არ დაუჭერს.
კომისიის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. საბიუჯეტო ცვლილებებთან
დაკავშირებით შეკითხვები აქვთ უმრავლესობის დეპუტატებსაც, რომელთა
ნაწილი სხდომაზე მოუმზადებელი მივიდა. მათ აღმასრულებლის მიერ
პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ
ჰქონდათ.
"გამარკვიეთ რა ხდება? რომელ ცვლილებებს განვიხილავთ? მე რატომ არ
მაქვს ეს ფურცელი? -განაცხადა სხდომაზე მაია სიმონიძემ.
საკრებულოს დეპუტატებს ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის
გახილვისთვის
ერთ თვეზე მეტი დრო ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები