ხევი ჩუმათელეთის გზაზე აგრარული ბაზრების მშენებლობის იდეა
განიხილება.
ინიციატივა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს
ეკუთვნის.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც ხევი-ჩუმათელეთის ავტომაგოსტრალის
რეაბილიტაცია განხორციელდება, აუცილებელია ტერიტორიაზე აგრარული
ბაზრობებიც მოეწყოს და ადგილობრივებმა
საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ.
"ჩუმათელეთი-ხევის, ასევე, მომავალში, ხევი-არგვეთას ავტობანის
მშენებლობის პროცესში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დიდი ტერიტორია
ხვდება. ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ მცხოვრები,
ხარაგაულის სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საოჯახო ბიზნესითაა
დაკავებული. ამ გზაზე, კილომეტრობით მონაკვეთებზე ვაჭრობენ ხელით
მოწნული კალათებითა და სხვადასხვა აქსესუარებით, ხის მასალისგან
დამზადებული სხვადასხვა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით,
სხვადასხვა სახის კენკროვანებით, რომელიც საკმაოდ განვითარებულია
ვერტყვიჭალისა და ხუნევის მთიან სოფლებში. სეზონურად შემოსავლის
ძირითადი წყაროა ასევე სოკოს რეალიზაცია და ა.შ. გამომდინარე აქედან,
ვფიქრობთ, რომ აგრარული ბაზრობების მოწყობა აუცილებელია," - განაცხადა
ქუთაისიპოსტთან საუბარში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ
თოფურიძემ.
ხევი -ჩუმათელეთის ავტომაგისტრალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით
ეწყობა. სადაც დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები და ასევე, უნდა
მოეწყოს ხმაურდამცავი ბარიერები და ცხოველთა გადასასვლელებიც.
ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთ (E60)
ავტომაგისტრალის ერთერთი ურთულესი მონაკვეთია.
გზის სიგრძე 11 კილომეტრია. ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელს
შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის
გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.
მასალის გამოყენების პირობები