ქუთაისის ი. ოცხელის სახ. მე-2 საჯარო სკოლის 9 II კლასის მოსწავლეებმა ექსკურსიისთვის შეგროვებული ფული სტიქიის შედეგად დაზარალებულებისა და ზოოპარკის დასახმარებლად გადარიცხეს.
ექსკურსიისთვის შეგროვებული თანხიდან 500 ლარი დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა, ხოლო 96 ლარი ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში.
"დაგეგმილი გვქონდა, რომ ხვალ უნდა წავსულიყავით ექსკურსიაზე გორდში, ოკაცის კანიონის მოსანახულებლად. პროდუქტებიც ნაყიდი გვქონდა და მგზავრობის თანხაც შეგროვებული იყო. გუშინ საღამოს ბავშვებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ეს თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაგვერიცხა. ვინც არ მიდიოდა ექსკურსიაზე, ისინიც შემოგვიერთდნენ და ერთსულოვნად ყველა ბავშვმა მიიღო აქციაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა მშობელთა მხარდაჭერა იყო უდიდესი" - ამბობს მე-2 საჯარო სკოლის 9 II კლასის დამრიგებელი, პედაგოგი ნინო დათაშვილი.
თანხის გადარიცხვის გარდა, მოსწავლეებმა და პედაგოგმა სტიქიით დაზარალებულებს ექსკურსიისთვის ნაყიდი პროდუქტებიც გაუგზავნეს.
"სახლიდანაც დავამატეთ სხვადასხვა ნივთები და გავგზავნეთ დაზარალებულთა დასახმარებლად," - ამბობს ნინო დათაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები