წინაასაახლწლოდ წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებაზე მოსახლებას
ფულადი ჯარიმების გადახდა მოუწევს.
შესაბამისი განცხადება გარემოსზედამხეველობის დეპარტამენტმა
გაავრცელა. მათი განცხადებით, საჯარიმო სანქციები წიწვოვნების უკანონო
მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე,
გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 64-ე, 64(1)-ე 66-ე, 151-ე, 151(1)-ე, 128(2)-ე მუხლებით და
ჯარიმა შეადგენს 200-1000 ლარს. ამასთან, ჯარიმასთან ერთად,
ანგარიშდება ხე-მცენარის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული
ზიანის ოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის
ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა და საქმე იგზავნება სამართალდამცავ ორგანოებში.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, როგორც ქალაქ
თბილისში, ასევე რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების
უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით,
გააძლიერეს კონტროლი სახელმწიფო ტყის ფონდისა და თვითმმართველი
ერთეულების ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა
და მათი რეალიზაციის ფაქტების გამოსავლენად. ყოველ გამოვლენილ
დარღვევაზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები" ნათქვამია
განცხადებაში.
კანონის მიხედვით აკრძალულია წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე. მათი კანონიერად მოპოვება და
რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მცენარე
მოპოვებულია: სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან
იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევებში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს
ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, თუ
წიწვიანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის
ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების
ტრანსპორტირებისთვის, სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა,
რომელსაც გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტი.
წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვებისას, როგორც წესი, ჭრიან
მცენარის ვარჯის წვერს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცენარის
სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა. ასევე ხდება მოზარდ-აღმონაცენის
მოჭრა-განადგურება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც
თბილისში, ასევე რეგიონებში, სისტემატურად ამოწმებენ ყველა იმ ადგილს,
სადაც ხდება წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაცია. ამ ეტაპისთვის,
წიწვოვანების უკანონო (შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე) გაყიდვის
ფაქტები არ დაფიქსირებულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწვოვანი ხეების
უკანონო ჭრების პრევენციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების
მიზნით, კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“ აგრძელებს, რომელშიც კერძო
სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები