ქუთაისს, 2018 წლის ბიუჯეტი მინიმუმ მომავალი წლის იანვრის ბოლომდე არ
ექნება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი,
რომელიც მათ დახვდათ, ხელახლაა შესასწავლი, რასაც დრო სჭირდება.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიები უკვე 10 დღეა სწავლობენ.
რამდენიმე დღეში კი, მთავარი ფინანსური დოკუმენტი, დასამტკიცებლად
ბოლო საკრებულოს სხდომაზე უნდა გამოსულიყო.
"ფაქტიურად თავიდანაა შესასწავლი. მიმდინარეობს პროექტის აქტიური
განხილვა კომისიებში, მოწვეულია არასამთავრობო ორგანიზაციებიც და
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა" , - აცხადებენ ქუთაისის
საკრებულოში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვან
ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი კი
მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოს ახალი უმრავლესობის
არაკომპეტენტურობის გამო ჭიანურდება.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ საკრებულოში, არ
აქვთ ხელისუფლების მართვის გამოცდილება და ეს არის მინუსი, რომ მათ
ვერ მოახერხეს ბიუჯეტის შესწავლა. ამ პროცესში დადებითი მხოლოდ ის
იქნება, თუ ამ დროს უმრავლესობა გამოიყენებს იმისთვის, რომ ბიუჯეტი
გახადოს უფრო საჯარო, მეტად ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის და რაც
მთავარია მის დაგეგმვაში ჩართოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ფოკუს
ჯგუფები", - ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული
საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.
მეშველიანი 2018 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
წარმოდგენილ პროექტსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიუჯეტის ეს
ვარიანტი რეალურ საჭიროებებზე არ არის მორგებული.
"გამოცდილი ადამიანისთვის მოკლე დროშიც მარტივად შესამჩნევია ის
სისუსტეები, რაც პროექტის ამ ვარიანტს აქვს. სიმართლე გითხრათ, ახალი
ხელისუფლების მიერ საკრებულოდან გამოთხოვილ და შემდეგ ისევ დაბრუნებულ
ბიუჯეტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. ისევ შემცირებულია
თანხები ინფრასტრუქტურის, პროგრამა "კორპუსის" და სხვა მნიშვნელოვანი
მიმართულებებით", - ამბობს მერაბ მეშველიანი.
ქუთაისის ახალმა ხელისუფლებამ, ყოფილი გუნდის მიერ საკრებულოში
შეტანილი ბიუჯეტის პროექტი, მოსვლისთანავე გამოითხოვა.
11 დეკემბერს კი პროექტი წარმომადგენლობითი
ორგანოს ახალ შემადგენლობას გადაეგზავნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერიას ბიუჯეტის
დამტკიცების მაქსიმალური ვადა ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის
განმავლობაში აქვს. ამ დროის მანძილზე აღმასრულებელს უფლება
აქვს თანხა გასული წლის ბიუჯეტის მიხედვით დახარჯოს, თუმცა,
ის არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული მიმართულებისთვის წინა წელს
გათვალისწინებული თანხის 1/12-ს.
მასალის გამოყენების პირობები