ქუთაისის მერია საახალწლო აქსესუარებისა და გასანათებელი
მოწყობილობების გამარტივებული წესით შესყიდვაზე მთავრობისგან
თანხმობას ელოდება.
მერის მოადგილის, იუზა უგულავას თქმით, საკითხი ხვალ, მთავრობის
სხდომაზე განიხილება და დადებითი პასუხის შემთხვევაში მერია 238
229 ლარის ღირებულების საახალწლო განათებებსა და აქსესუარებს შეიძენს.
ამ თანხაში შედის მათი მონტაჟი და დემონტაჟი.
არსებული ინფორმაციით, იგეგმება მცირე ზომის ნაძვის ხის შეძენაც.
თუმცა, დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია. რაც შეეხება, ქალაქის
მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც ტრადიციულად ცენტრალურ მოედანზე იდგმება,
მისი ახლით შეცვლა არ იგეგმება.
"მთავრობის სხდომაზე არის წარდგენილი ჩვენი საკითხი და თუ დადებითად
გადაწყდება, ყველაფერს გეტყვით. საუბარია ახალი განათებების
შესყიდვაზე, მთავარი ნაძვის ხე კი იგივე იქნება", - განაცხადა
ქუთაისიპოსტთან საუბარში იუზა უგულავამ.
ქუთაისის მერია, საახალწლო განათებების შეძენა-მონტაჟის გამარტივებული
წესით შესყიდვის მოტივად, მიმდინარე წლის
6 ნოემბერს, პრეტენდენტის არარსებობის გამო
ტენდერის ჩავარდნასა და არსებული მოწყობილობების სიძველეს
ასახელებს. შესყიდვების სააგენტოსთვის 8 დეკემბერს გაგზავნილ
წერილში, ვიცე-მერი, გიორგი იობაშვილი განმატავს, რომ
მანათობელი ფიგურების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული.
"როგორც მოგეხსენებათ, ქუჩების საახალწლო მანათობელი ფიგურებით
მოწყობისათვის საახალწლო დეკორაციების შესყიდვა-მონტაჟის სახელმწიფო
შესყიდვის ელ.ტენდერი არ შედგა. ძველი საახალწლო განათებების
უმრავლესობა არის მოძველებული და მწყობრიდან გამოსული. მათი მეშვეობით
ქალაქის ძალზედ მცირე ნაწილის მორთვა იქნება შესაძლებელი",-ნათქვამია
წერილში.
ქუთაისის მერიამ ახალი განათებების შეძენა-მონტაჟისთვის თანხმობის
მისაღებად შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის 8 დეკემბერს მიმართა
(SMP170002887). დოკუმენტაციის მიხედვით, 238 229 ლარით
მერიამ 156 ცალი სხვადასხვა სახისა და ვიზუალის მანათობელი ფიგურა
უნდა შეიძინოს. ამ თანხიდან 36 580 ლარი მათი მონტაჟისა და
დემონტაჟისთვის დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები