ქუთაისის მერიას შპს "მარსმა" ჰიუნდაი სონატას მარკის
ავტომანქანა აჩუქა, რომელსაც "ევროპა ჩვენი სახლია" აპროტესტებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის, გია
გოქაძის თქმით, ფორმალური ხელშეკრულებით, შპს "მარსი" ადგილობრივ
ბიუჯეტში 500 ლარის გადახდის ვალდებულებას იღებდა, რომელსაც ბიუჯეტში
დამატებით პირობად ჩაუდეს, ამ კომპანიას მერიისთვის 20, 000 ლარად
შეფასებული ავტომანქანა ეჩუქებინა. სანაცვლოდ კი "მარსი" რუსთაველის
ქუჩაზე, ტურისტული ცენტრის წინ სამი ავტომობილის რეკლამას
განათავსებდა.
"ეს არის სრული ანომალია, ასეთი რაღაცები არ ხდება ცივილიზებულ
ქვეყნებში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ ხელი აიღოს კომპანიების
თუ კერძო პირების პირდაპირ ძარცვაზე და დაკმაყოფილდეს იმით, რასაც
ბიუჯეტიდან მას მოსახლეობა უხდის", - ამბობს გია გოქაძე.
მერიაში "ევროპას ჩვენი სახლიას" პასუხობენ, რომ "მარსმა"
მერიისგან ითხოვა, სამი თვით ავტომობილების რუსთაველის ქუჩაზე
განთავსების სანაცვლოდ გადაიხდიდა საიჯაროს თანხას და დამატებით 20
000 ლარის საჩუქარს გაუკეთებდა მერიას ავტომობილის სახით, რასაც
საკრებულომ მხარი დაუჭირა.
"ჩვენ ეს ავტომობილი ვინათხოვრეთ დროებით, რადგან საკრებულოს
თავმჯდომარის ავტომანქანა შესაკეთებელია და მანქანები გვაკლია
საკრებულოში",- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა
ლატარია.
საჩუქრად მიღებულ ჰიუნდაი სონატას მარკის მანქანას ნიკა ლატარია
მართავს.
მასალის გამოყენების პირობები