3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო
დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი
ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და
ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური
საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას.
მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის,
აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის,
სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში
შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების
სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ არ არის
შექმნილი კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი.
ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.
საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა კონვენციის მოთხოვნებთან
ჰარმონიზაციის მიზნით აუცილებელი ცვლილებები. პრობლემად რჩება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს,
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის
უზრუნველყოფა.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, ქვეყანაში
მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის პროეცესში აქტიურად
დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ
მონაწილეობას და მათი უფლებების დაცვას", - ნათქვამია
ომბუდსმენის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები