ქუთაისის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილებას საოლქო საარჩევნო
კომისიის მიერ მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან
არაუგვიანეს მე-11 დღისა შეუდგება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა
მიქელაძემ განმარტა.
"არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღიდან არაუგვიანეს მე-11
დღისა, საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს შემაჯამებელ ოქმს. მერს
შეუძლია უფლებამოსლების განხორციელება შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან,
ასევე, არაუგვიანეს მე-11 დღისა," - ამბობს ანა მიქალაძე.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებს მეორე
ტურის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების
ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს
ეწურებათ.
1 დეკემბერს კი, ცესკო ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების საბოლოო შედეგების
შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ
ქუთაისის მეექვსე მოწვევის
საკრებულოს სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს
გაიმართება.
ქუთაისის მერის არჩვენების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართა. "ქართული
ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმების 87.55%
მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან", გრიგოლ
ვაშაძემ - 12.45%, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურს
ბოიკოტი გამოუცხადეს.
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანზე152 561 ამომრჩეველი გახლდათ
რეგისტრირებული. მეორე ტურში მონაწილეობა მხოლოდ
27 427-მა მათგანმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები