"საქართველო სირიელი ხალხისთვის - Georgia for Syria"- ამ
სახელწოდებით აქცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს ქუთაისში, ცენტრალურ
მოედანზე გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა
დიალოგის" წარმომადგენელი, აკაკი საღინაძე გახლავთ.
მისი განმარტებით, აქციით სოლიდარობას უცხადებენ თითოეულ უდანაშაულო
მოქალაქეს, რომლებიც სირიაში სისხლისმღვრელ და უთანასწორო ბრძოლას
შეეწირნენ.
აკაკი საღინაძის ინფორმაციით, ერთ–ერთი მოთხოვნა, ასევე, სახელმწიფოს
სახელით სამძიმრის განცხადების გაკეთება იქნება.
"ვთხოვთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ შეიქმნას ბაზა, რომლის
საშუალებითაც ნებისმიერი სახელმწიფო სამსახური, არასამთავრობო
ორგანიზაცია და მოქალაქეები შეძლებენ, შეაგროვონ ინფომრაცია პირველადი
საჭიროებების შესახებ და გააგზავნიან მათ კონფლიქტის ზონაში, ეს
იქნება ჰუმანიტარული პროდუქცია თუ სხვა," – აღნიშნულია განცხადებაში,
რომელსაც აკაკი საღინაძე ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორი, ასევე, ქუთაისის მერიას გლოვის ნიშნად, დროებით,
საახალწლო განათებების ჩაქრობას თხოვს.
ცენტრალურ მოედანზე სირიელი ოჯახებისთვის სოლიდარობის აქცია 18:00
საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები