ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი დატბორილია.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ ქუჩაზე წყლის მილი ერთდროულად რამოდენიმე ადგილზეა დაზიანებული. თამარ მეფის ქუჩის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირის წინ დასრულდა.
მერიის მიერ თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს "დაგი+" გამოვლინდა, რაზეც ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თამარ მეფის ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმომარაგების კომპანიამ მათ მიერ შესრულებული სამუშოების დასრულების დოკუმენტაცია წარმოადგინა.
2014 წელს ქუთაისში გზების რებილიტაციაზე თანხები რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
რეგიონული განვითრების ფონდიდან ქუთაისში 59 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი გამოიყო, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 39 ქუჩის კეთილმოწყობისთვის 4 848 174 ლარი დაიხარჯა.
ადგილობრივი ბიუჯეტით გასულ წელს ქუთაისში სულ 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, რასაც 396 234 ლარი მოხმარდა.
ასევე, ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილოტაციაზე 27 მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს კი, ამავე პროექტებს, 87 მილიონი ლარი დაემატება.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები