ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის ქუთაისის
ფილიალმა მოქალაქეთა მომსახურება გაურკვეველი ვადით შეწყვიტა.
უწყებამ ამის შესახებ განცხადება დღეს, 16 ოქტომბერს
გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფილიალის მიმდებარე წყალგამტარი
არხიდან მდინარე ოღასკურას წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის
შედეგადაც შენობა დაიტბორა.
"ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის
სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ
დროისთვის უცნობია.
იმისათვის, რომ მომხმარებელს ექსტრემალურ ვითარებაში მაინც ჰქონდეს
სერვისების მიღების შესაძლებლობა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის
მითითებით, მომსახურების გაცემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში
შემავალი სსიპ-ების სხვადასხვა შენობებიდან განხორციელდება," -
აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
პერსონალი განთავსდება ქუთაისში მდებარე სერვისების განვითარების
სააგენტოს ყოფილ შენობაში, მისამართი: სადგურის მოედანი 3 ა, მე- 2
სართული. აღნიშნული პუნქტიდან მოხდება უკვე დამზადებული დოკუმენტაციის
საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობების გაცემა.
ამავე ოფისში უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება სერვისების
განვითარების სააგენტოს სერვისებთან დაკავშირებით განცხადებების
მიღებაც.
საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ:
ქ. ქუთაისში მოქმედ ავტორიზებულ პირებს, ნოტარიუსებს, იმერეთის
რეგიონში მოქმედ ავტორიზებულ პირებს.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მომსახურებას განახორციელებს ქ.
ქუთაისში შემდეგ მისამართზე - სადგურის მოედანი N3 ა.
რაც შეეხება, აღსრულების ეროვნული ბიუროს, უწყების ალტერნატიული
ოფისები გაიხსნა: თერჯოლაში, მისამართი - რუსთაველის 109, ხონში -
კაკაბაძის 15, ზესტაფონში - წერეთლის №5 და ვანში - თამარ მეფის
№8.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია
ოპერატიულ რეჟიმში მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები