ქუთაისში, ცენტრალურ უბანში, ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის
შენობიდან, რომლესაც ქალაქში ე.წ. ქაჯაიას შენობით იცნობენ,
ბათქაში, აგურები და ფანჯრის მინები ცვივა.
მოქალაქეების თქმით, შენობასთან გავლა საშიშროებას წარმოადგენს. გარდა
ამისა, ადგილობრივებს ის გაუსაძლისი ანტისანიტარია აწუხებთ, რაც
შენობის შიგნით არსებობს.
"ვერ გეტყვით, რომ დამცემოდა, მომკლავდა თუ არა, მაგრამ მთავარი ისაა,
რომ შენობამ დაშლა დაიწყო და საფრთხეს წარმოადგენს. ესაა ნაგავსაყრელი
ქალაქის ცენტრში," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები, თამარ მალაშხია.
"ქალაქში კი არა სოფელში არაა ასეთი ანტისანიტარია. სად
გვავცხოვრებენ, ეს რა ხდება ამ ქალაქში. პატრონი გვყავს ვინმე? ასე
მიგდებულად, სიბუნძურეში როდემდე უნდა ვიყოთ," - ამბობს ადგილობრივი
მკვიდრი, დარეჯან ბებიაშვილი.
ამჟამად, შენობის მარცხენა მხარეზე, ერთ-ერთი ოთახი, რომელიც
საპირფარეშოდაა ქცეული, ნარჩენებითაა სავსე.
ნაგებობის ცენტრალური შესასვლელი კი სამშენებლო ნარჩენებიანი
პოლიეთილენის პარკებითაა გაჭედილი, რის გამოც კარი საგანგებოდ
ბოქლომითაა დაკეტილი.
ქუთაისში, ნიუ პორტის ქუჩაზე არსებული ყოფილი კომკავშირის ქალაქკომის
შენობას ბოლო 20 წლის მანძილზე რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. საჯარო
რეესტრი ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 იანვრის ამონაწერით ირკვევა,
რომ მისი მაჟამინდელი მესაკუთრე შპს "ლინკოლნ მენეჯმენტ ჯორჯიაა".
კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვია.
დაიწყება თუ არა შენობის რეკონსტრუქცია, ამის შესახებ ელექტრონული
ფოსტით კომპანიას მივწერეთ. მათ პასუხს მკითხველს წერილის
მიღებისთანავე მივაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები