ქუთაისში მცხოვრებმა უსახლკაროებმა სოციალური საცხოვრისის გასაღებები
მიიღეს.
მაია ციცბაია მრავალშვილიანი დედაა. მისი თქმით, ოჯახი 12 სულს
შეადგენს, ამ წუთას კი შვიდნი არიან. ის აქამდე ახალგაზრდობის ქუჩაზე
ცხოვრობდა. მას და მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს და
ოჯახში ერთი შეზღუდული შესაძლებლობის პირიც ჰყავთ.
"მყავს ოთხი შვილიშვილი. რძალი, სიძე ყველანი ერთად ვცხოვრობდით, ეს
რომ არ გადმოგვცემოდა, ალბათ, სახლი ამ ზამთარს ვერ გაუძლებდა.
საოცნებო საჩუქარია ეს ჩემთვის, არ ველოდი და დიდი მადლობელი ვარ", -
ამბობს მაია ციცბაია.
საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა. პროექტს
ამბიციურსა და საჭირო უწოდებს ქუთაისის მერი, შოთა მურღულია. მან
გასაღებების გადაცემის ცერემონიაზე ისიც გაახმოვანა, რომ სამომავლოდ
ადგილზე უფასო სადილის იდეის განხორციელებაზე ფიქრობენ, რათა
ბენეფიციარებს სხვაგან სიარული არ დასჭირდეთ. მან, აგრეთვე, მომდევნო
ეტაპზე ბავშვებისთვის ეზოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზეც
ისაუბრა.
"ათწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრ ოჯახს ჰქონდა შემოტანილი
მომართვა სახლ-კარის არ არსებობაზე. თვითმმართველობამ, ფაქტობრივად
სამწლიანი პროექტი განვახორციელეთ. ყველანაირი პირობა არის იმისათვის,
რომ ნორმალურად იცხოვრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც წლების
განმავლობაში მომთაბარე ცხობრებას ეწეოდნენ", - განმარტა ქალაქის
მერმა.
ერთ და ოროთახიან ბინებში პირველ ეტაპზე 80 ოჯახი შეასახლეს, რაც
დაახლოებით 350-მდე ადამიანია. შესახლების მეორე ეტაპი კი, მომდევნო
წელს დაიწყება.
შეფასების წესის საფუძველზე, არსებული ფორმულის შესაბამისად, აქცენტი
57 000 სარეიტინგო ქულას, ოჯახში შშმ პირების არსებობასა და
არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე გაკეთდა.
ბენეფიციარები საცხოვრისში ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით
შესახლედნენ. ხუთი წლის შემდეგ კი მათი მდგომარეობა ისევ
გადაიხედება.
ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი
ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი
ამ მიზნით ბიუჯეტში დამატებით 1 500 000 ლარის გათვალისწინება
მოხდა.
სასადილო ოთახი
სოციალური საცოვრისის საძინებელი, სადაც ბენეფიციარებს
ავეჯიც დახვდათ
სოციალური საცხოვრისის დერეფანი
სველი წერილი სოციალურ საცხოვრისში
მასალის გამოყენების პირობები