ქუთაისში სასურსათო მაღაზიაში მომხმარებელს ვადაგასული პური მიჰყიდეს,
რომლის შესახებაც იზო ქათამაძემ "ქუთაისიპოსტს" თავად
შეატყობინა.
მომხმარებელი ამბობს, რომ შპს "იფქილის" მიერ წარმოებული პური -
"დიეტური ნატურამო" ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ
"კაი მარკეტში" შეიძინა. სახლში დაბრუნებულმა კი ნახა, რომ პური
დაობებული და საკვებად უვარგისი იყო.
"გაჭირვებით რომ ყიდულობ პურს და დაობებული აღმოჩნდება, ეს უკვე
პრობლემაა. ეს პური ქაღალდითაა შეფუთული, ამიტომ ვიზუალურად არ ჩანდა,
რომ უვარგისი იყო.
მყიდველი
კი არ შეიძლება ასე მოატყუონ, " - ამბობს მომხმარებელი იზო
ქათამაძე.
რეაგირების მიზნით "ქუთაისიპოსტმა" საქართველოს მომხმარებელთა
ფედერაციას, სურსათის უვნებლობის სამსახურსა და თავად "იფქილის"
ხელმძღვანელობას მიმართა.
როგორც "იფქილის" დირექტორი არისი ბოჭოიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
აცხადებს, მათ მიერ წარმოებული პური ვარგისი გამოშვებიდან 72 საათის
მანძილზეა.
"ეტიკეტზე მითითებულია, რომ სამ დღეში პური უნდა აიღონ დახლიდან. ამას
ყოველთვის აფრთხილებენ ჩვენი მიმწოდებლები მაღაზიის კონსულტანტებს.
ასევე თავად მაღაზიაში დასაქმებულებიც ვალდებული არიან გადაამოწმონ
პროდუქციის ვარგისიანობა. ამიტომ იმერეთში ჩვენი ქვეკონტრაქტორი
კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც რეალიზაციას ახორციელებენ
გაფრთხილებული იქნებიან, რომ სხვა დროს მაღაზიის წარმომადგენლებს
პროდუქციის ვარგისიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ," - აცხადებს
არისი ბოჭოიძე.
თავად სუპერმარკეტ "კაი მარკეტში" აცხადებენ, რომ მიმწოდებელს პურის
ვარგისიანობისა და ვადების შესახებ მათთვის ონფორმაცია არ
მიუწოდებიათ.
"ჩვენ ნდობას ვუცხადებთ მიმწოდებელს, ამიტომ არც გვიფიქრია რომ ასეთი
რამ მოხდებოდა," - განმარტავენ მარკეტში დასაქმებული
კონსულტანტები.
როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს,
ვადაგასული პროდუქციის მიყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელთა უფლებები
ირღვევა.
"ასეთი ფაქტით დარღვეულია მიმხმარებელთა უფლებები და მსგავსი ფაქტების
თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მყისიერი რეაგირება," - ამბობს
მადონა კოიძე.
საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაქტზე
მოკვლევა დაიწყება და მაღაზია სადაც ვადაგასული პური გაიყიდა,
მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმდება. მონიტორინგის შედეგები ცნობილი
10 სამუშაო დღეში გახდება.
მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი ფატქი დაფიქსირდება,
მოქალაქეებმა სწრაფი რეაგირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე ნომრით - 1501 შეტყობინება
უნდა დატოვონ.
მწარმოებლის მიმართ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 -ე მუხლის 1 ნაწილის
თანახმად, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მწარმოებელი 400
ლარით ჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები