"დაისაჯონ დამნაშავეები" - ამ მოთხოვნით ქუთაისში მცხოვრებმა 50
წლამდე ასაკის ქალმა პროკურატურასთან აქცია გამართა.
ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე
საუბრობს და პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს
დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს.
მისი დღევანდელი მოთხოვნა მთავარ პროკურორთან შეხვედრა იყო. თუმცა
როგორც მას ადგილზე განუმარტეს, პროკურორი ამჟამად ადგილზე არ
იმყოფება.
მ.ა გვიყვება, რომ საქმის გამომძიებელთან შეხვედრა არაერთხელ სცადა,
თუმცა უშედეგოდ.
"საწყალ ქალს მჩაგრავენ და კრიმინალებს
მფარველობენ, შვიდჯერ ნასამართლევ კაცს
კიდევ მსუბუქი მუხლი ამოუწერეს", - ამბობს მ.ა ჩვენთან
საუბარში.
ის პროკურატურასა და პოლიციას უნდობლობას უცხადებს და ყოფილ
მეუღლესთან ერთად ძალადობასა და დამნაშავის მფარველობაში ბრალს
მეზობელსაც დებს.
ქუთაისიპოსტი შეეცადა გაერკვია შინაგან საქმეთა სამინისტროში არის თუ
არა პირზე საქმე აღძრული ძალადობის საქმეზე, შესაბამისი ინფორმაცია
წერილობით გამოვითხოვეთ.
"თქვენთვის საჭირო ინფორაციის მიღება შესაძლებელი იქნება პერსონალურ
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული, სამართლებივი საფუძვლის ან
მიზნის წარმოდგენის შემთხვევაში", - ნათქვამია უწყებიდან გამოგზავნილ
წერილში.
მასალის გამოყენების პირობები