საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
სამშენებლო სამუშოების დაწყებას ზაფხულზე გეგმავს.
მანამდე კი, როგორც ქუთაისიპოტს განუმარტეს, სასწავლო ცენტრის
მენეჯნემენტის, აუდიტორიებისა და ლაბორატორიების მოწყობის შესახებ
ევროპისა და ამერიკის ცნობილ საუნივერსიტეტო კომპლექსებთან
მოლაპარაკება მიმდინარეობს. "ქართუში" ამბობენ, რომ რამდენიმე
შეხვედრა უკვე შედგა.
"კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება. ყველაზე მთავარი
არის მენეჯმენტი და აკადემიური ბაზა. ესაა სპეციალისტების მოძიება,
ევროპული სტანდარტების აუდიტორიები და კომუნიკაციების ფორმები.
უნივერსიტეტი უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო უმაღლესი სტანდარტების
დონეს," - განმარტავს ჩვენთან საუბარში ფონდი "ქართუს"
საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი
უძილაური.
მისივე თქმით, სამუშაოების 60% ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიურ
პერსონალის მოზიდვას და მენეჯმენტის გამართვას მოიცავს, ხოლო
ინფრასტრუქტურულ ნაწილს 40% უჭირავს.
"საქართველოში, რატომღაც, მშენებლობაში აღიქვამენ მაინცდამაინც
ფიზიკურ სამუშაოს, ბლოკს, ნიჩაბს და ტრაქტორს, როდესაც ტერიტორიაზე
რაღაც ითხრება," - ამბობს გიორგი უძილაური.
ფონდი "ქართუს" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უცხოელ პარტნიორებთან
საბოლოო შეხვედრა გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც პროექტის საბოლოო
ვერსიას გაასაჯაროებენ.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერისტეტი 140 ჰა ტერიტორიაზე გაშენდება. ის
60 000 სტუდენტზეა გათვლილი. მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ
ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას
მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები
არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა
სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები