პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
გოგი წულაია საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის შესაძლო
გაძვირებაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, მიკროავტობუსით მგზავრობის ფასების გაზრდა
20–30 თეთრით იგეგმება. ის ამბობს, რომ ტარიფის გაზრდა მძღოლების
მოთხოვნაა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მერია არ გაზრდის ტარიფს,
წულაის მტკიცებით, მარტიდან მძღოლები გაფიცვით იმუქრებიან.
გოგი წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს საქალაქო ტრანსპორტის
მძღოლებს გადასახადები შეუმცირონ და ამ გზით აირიდონ და დააბალანსონ
ტარიფის შესაძლო მატება.
"კეთილი ინებოს მერიამ და ყველანაირი გაჭირვება მოსახლეობაზე კი არ
უნდა ასახოს, თავის თავზეც აიღოს რაღაც ტვირთი. შეამცირონ
დროსტარების, რესტორნების ფული. მოიკლონ ორმაისობაზე საღორიის ტყეში
ღრეობის ხარჯები", – ამბობს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტზე ფასების ზრდა არ
იგეგმება.
"ოპოზიციური პარტიები იმდენად ხშირად აანონსებენ ტრანსპორტის
გაძვირების თემას, აშკარაა რომ თავად სურთ ტრანსპორტის ფასმა მოიმატოს
და ეს მოსახლეობაზე აისახოს ცუდად. ჩვენ, ასევე გვაქვს ინფორმაცია და
ოპოზიციური პარტიებიც არ უარყოფენ, რომ გადამზიდავთა ნაწილთან ფასის
მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს თვითონ, ოპოზიციური
პარტიები აწარმოებენ", – აცხადებს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის
განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი.
მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდის შესახებ "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაშიც
საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები