ახალი ამბები
სლოვაკური კომპანია ქუთაისში რაგბის მოედანს აღარ ააშენებს
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოედანს სლოვაკური კომპანია „Autokomodex Trnava" აღარ ააშენებს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ, სლოვაკურმა კომპანიამ დაარღვია პროექტის წარმოდგენის ვადები და არ გახსნა მისი მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში, რასაც კონტრაქტის პირობები ითვალისწინებდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მომხდარის მიუხედავად ჩემპიონატის ჩატარებას ხელი არ შეეშლება.

"მინდა დავამშვიდო გულშემატკივარი და ვუთხრა, რომ აუცილებლად მაღალ დონეზე ჩატარდება ჩემპიონატი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ალტერნატიული სპორტული ობიექტები, რაც გვაქვს. უახლოეს მომავალში რაგბის კავშირთან და კერძო სექტორთან ერთად მოვახდენთ მათ ფორმალიზებას", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, იმ მოედნებზე, რომლებიც სლოვაკურ კომპანიას უნდა აეშენებია, ახალი პროექტი შეიქმნება და ტენდერიც გამოცხადდება.

ქუთაისში რაგბის მოედნის მშენებლობა 2016 წლის 26 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა იქ, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქუთაისის მერთან ერთად კაფსულა მშენებლობის სიმბოლურ საძირკველში საზეიმოდ ჩაუშვა, 5 თვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

რამდენიმე დღის წინ უწყება "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებდა, რომ შერვაშიძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, ხოლო მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.

მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სამინისტრომ სლოვაკურ კომპანიას, რომელსაც ქუთაისის გარდა, ჯამში 20 სარაგბო და საფეხბურთო მოედანი თბილისსა და რუსთავში უნდა აეშენებია, თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

სლოვაკურ კომპანია ,,„Autokomodex Trnava“-სთან სპორტის სამინისტრომ ხელშეკრულება 2016 წლის 16 სექტემბერს გააფორმა.

პროექტის საერთო ღირებულება 9 410 000 ევროს შეადგენდა.

სამშენებლო სამუშაოები კომპანიას 2016 წლის ბოლოს უნდა დაეწყო და 2017 წლის მაისში უნდა დაესრულებინა.

საქართველომ 20 წლამდეთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.