"ბესტ-ვესტერნი - თეთრი ხიდი", - ასე ერქმევა მსოფლიოს უდიდეს
სასტუმროთა ქსელის ახალ სასტუმროსა და ახალ ნაგებობას ქუთაისში, თეთრ
ხიდთან, გრიშაშვილის ქუჩის ნომერ 11-ში.
სასტუმროს მშენებლობა ჯგუფმა "სიმეტრიამ" დაასრულა და 2017 წლის 15
მარტს გაიხსნება.
ბრენდის ქუთაისში შემოყვანა საპარტნიორო ფონდის პარტნიორობით კომპანია
"კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" განახორციელა და ჯამში 3 მილიონი დოლარის
ინვესტიცია ჩაიდო.
თვითონ სასტუმრო დახვეწილი, თანამედროვე დიზაინის 45 ნომრისგან
შედგება (აქედან 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის) უფასო ინტერნეტითა
და საუზმე-ბუფეტით.
სასტუმროში განთავსდა 3 მობილური საკონფერენციო დარბაზი, რომელთა
ჯამური ტევადობა 100 კაცამდეა.
სასტუმრო თავის მთავარ, ინგლისურ ვებ-გვერდზე პირდება სტუმარს, რომ
კვებითაც გამორჩეულნი იქნებიან. სტუმრებს ორი კვების ობიექტს
სთავაზობენ - პირველ სართულზე კაფე, ხოლო ბოლო სართულზე განთავსებულია
გრილ-რესტორანი, საიდანაც იშლება ქუთაისის ხედები.
გახსნამდე 4 კვირით ადრე, ოთახების დაჯავშნა დაიწყო უკვე სასტუმროს
ვებ-გვერდმაც. ფასები 89 დოლარიდან 110 დოლარამდეა.
მასალის გამოყენების პირობები