ახალი ამბები
რას ყვება სასულიერო პირი, რომლის სახლიდან პოლიციამ კანაფი ამოიღო
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები სასულიერო პირი, რომლის საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკული შემცველობის მცენარე, კანაფი ამოიღეს, ჰყვება, რომ მას სამართლადამცველები ირონიულად ექცეოდნენ.

გიორგი ჯახუას განმარტებით, პოლიციელებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ის დაკითხვაზე ანაფორით არ მისულიყო.

"ანაფორა რომ ჩავიცვი მითხრეს, რატომ ჩაიცვი ეს ფორმა, არ ჩაიცვა, არ გინდა, მამაო ასე არ გამოხვიდეთო. არავითარ შემთხვევაში - ვუთხარი და ჩავიცვი.
ჩემს სასულიერო წოდებას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს დიაკვანი ვარ, პარიკმახერი თუ პოლიციელი, კანონი ყველასთვის ერთია. ვაცხადებ, მოქალაქე გიორგი ჯახუა, ორდერის გარეშე არ უნდა გაიტანონ რაიმე ჩემი სახლიდან, ეს პრეტენზია მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან," – ამბობს გიორგი ჯახუა ქუთაისიპოსტთან საუბარში."

ის ირწმუნება, რომ სამართალდამცავების მიერ აღმოჩენილ კანაფს ის სამკურნალო დანიშნულებით იყენებდა.

მისივე თქმით, 2 წელია ჯამნთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის. გიორგი ჯახუა ამბობს, რომ მას ც ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი აქვს.

"მე წამალს საერთოდ არ მიყენებ. საშუალება არ მაქვს, რომ დაავადების სამკურნალო წამლები შევიძინო, რადგან ძალიან ძვირი ღირს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა–კურთხევით მქონდა მცენარეული წამლების დამზადების კურთხევა და მაქვს განათლება მიღებული ამ საქმეში. მისი გამოყენება არ აუკრძალია არავის ამ ქვეყანაზე. ღმერთს ვგულისხმობ მე და არა რომელიმე კანონმდებლობას. ბიბლიაც ითვალისწინებს, ადრეულ ტექსტებშიდაც მოხსენიბულია სიტყვა კანაფი, ეს არის კანაბისი", –ამბობს სასულიერო პირი.

ქუთაისის სამედიცინო კლინიკა "ლივერმედის" ექიმი განმარტავს, რომ სამედიცინო დანიშნულებით კანაფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების პაციენტებისთვის დანიშვნის პრაქტიკა არ არსებობს.

"ნარკოდამოკიდებული პირები იმისთვის, რომ შეამცირონ დოზა, ხშირად, თვითნებურად მიმართავენ ამ მცენარეების გამოყენებას დასამშვიდებლად და დასაწყნარებლად," – განმარტავს კლინიკა "ლივერმედის" ექიმი, ქეთევან მანაგაძე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში ამბობენ, რომ კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც კანაფის კულტივაცია–მოხმარება თავისუფლების აღკვეთით ისჯება, გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.

"ეს მუხლი უკვე არის გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში და ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ეს საზოგადოებისთვისაც აქტუალური საკითხია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში ," – ამბობს საია–ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი.

გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, კანაფი მიმდინარე წლის 17 იანვარს, ღამის საათებში ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯახუას სახლიდან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არაა. სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სახლში ვარ ჩაწოლილი. 2010 წელს, მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს, აღდომის მარხვაში, ხელი დამასხეს წმნიდა გიორგის სახელობის ტაძარში, სენაკის რაიონში", - ამბობს გიორგი ჯახუა.

ქუთაისიპოსტს სალხინოს მამათა მონასტერში განუცხადეს, რომ გიორგი ჯახუა 2010 წლამდე, ერთი წლის განმავლობაში მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.