ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ზუსტად 10 წლისაა.
მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც წელსაც ქალაქის ცენტრში დგას,
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს, საკუთარი სახსრებით
შეიძინა.
ასევე, 10 წლიანი ისტორია აქვს ქალაქის რეაბილიტირებულ ნაწილში
განთავსებულ ვერცხლისფერ ნაძვის ხეს, რომელიც ცენტრალური უბნის
რეაბილიტაციის დროს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინეს.
ნაძვის ხე ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში
რაც შეეხება იმ ნაძვის ხეს, რომელიც ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის
პარკში დგას, ის ქუთაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ყოფილმა თავმჯდომარემ, ასლან აბაშიძემ 15 წლის წინ აჩუქა.
ნაძვის ხე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში
ქალაქის ხელისუფლებამ ახალი ნაძვის ხე ბოლოს 2010 წელს შეიძინა.
მაშინ, ქუთაისის მერიამ 17 მეტრიანი თეთრი ნაძვის ხე სინგაპურიდან
ჩამოიტანა, რომელიც მალევე ქარმა დააზიანა. თავდაპირველად, ის ქალაქის
ცენტრალურ მოედანზე იდგა, ხოლო მოგვიანებით ოპერის თეატრის წინ
გადაიტანეს. ქალაქის ცენტრში კი კვლავ 2007 წელს შეძენილი ნაძვის ხე
დადგეს.
ქუთაისი 2011 წელს
2012 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ კიდევ ერთი
ახალი
, 17 მეტრიანი ნაძვის
ხის შესაძენად 100 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერი არ
შედგა, რის მიზეზადაც ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილეთა არარსებობა
დასახელდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, 2012 წლის
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტენდერის
შეწყვეტა მოითხოვა.
მას შემდეგ ქალაქს ახალი ნაძვის ხე არ ჰქონია.
რაც შეეხება წინასაახალწლო სამზადისისთვის დახარჯულ თანხას, ბოლო 6
წლის განმავლობაში ქუთაისის მერიამ ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე წელს
გამოყო.
2017 წელთან შესახვედრად ადგილობრივი ხელისუფლება
250 000 ლარს ხარჯავს, რაც 172 000 ლარით
აღემატება წინა წელს ამ მიზნით გამოყოფილ თანხას.
კიდევ უფრო ცოტა დაიხარჯა ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად
2014 წელს. საახალწლო მორთულობასა და სხვადასხვა კულტურულ–გასართობი
ღონისძიების ორგანიზებას მაშინ მხოლოდ 52 000 ლარი მოხმარდა. 2013
წელს კი ამ თანხამ 91 000 ლარი შეადგინა.
სოლიდური თანხით დაფინანსდა 2012 წლის საახალწლო ღონისძიებები. მერიამ
იმ დროისთვის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოყო, ხოლო 2011 წელს
საახალწლო სამზადისისთვის 70 000 ლარი დახარჯა.
მასალის გამოყენების პირობები