ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქუთაისის "ტორპედომ" ორი ფეხბურთელი
მიიღო.
კლუბის სახელით "ცხინვალის" ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე და
ყოფილი "ტორპედოელი" ნიკა საბანიძე ითამაშებენ.
"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, პრობლემური
ფინანსური ვითარების მიუხედავად, კლუბმა ორი ფეხბურთელის დამატება
შეძლო. თუმცა, იმისთვის, რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს, კიდევ
რამდენიმე ფეხბურთელის შეძენაა საჭირო.
"წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს და თუ გვინდა, რომ გუნდმა
ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მოწინააღდეგეს, კიდევ 4–5 ფეხბურთელის
დამატებაა საჭირო. ამისთვის კი, აუცილებელია, კლუბში დროულად
მოგვარდეს ფინანსური საკითხი და მოვიდეს ინვესტორი",–აცხადებს
ქუთაისიპოსტთან საუბარში კახა ჩხეტიანი.
მისი თქმით, ზაალ ჩაჩავას, რომელიც "ტორპედოს" პრეზიდენტად
მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაინიშნა და
ინვესტიციაც უნდა განეხორციელებია, კვლავ აქვს კლუბში დაბრუნების
სურვილი.
"დიდი სურვილი აქვს, რომ გუნდში მოვიდეს და იმედი მაქვს ასეც
მოხდება", – ამბობს ჩხეტიანი.
არსებული ინფორმაციით, კლუბში ინვესტიციის განხორცილება ჩაჩავასა და
ქუთაისის მერიას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის გამო არ მოხდა.
კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, ჩაჩავას ინვესტიციის სანაცვლოდ რამაზ
შენგელიას სახელობის სტადიონი და საწვრთნელი ბაზა მართვის უფლებით
უნდა გადასცემოდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას უფლება მხოლოდ
გუნდზე ექნებოდა. ჩაჩავამ კი ამ პირობაზე უარი განაცხადა, რის
შემდეგაც, მის მიერ კლუბის დატოვების შესახებ გავრცელდა
ინფორმაცია.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერია კლუბის აუქციონზე
გატანას გეგმავს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ამბობს, რომ თუ
"ტორპედო" აუქციონზე გავა, მასში ზაალ ჩაჩავა, დიდი ალბათობით,
მონაწილეობას მიიღებს.
კლუბში არსებული ვითარების გამო, "ტორპედო" რამდენიმე დღის წინ
11–მა ფეხბურთელმა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები