საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია "ქართული
ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა.
კენჭისყრის პროცედურამდე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა მას
კითხვები დაუსვეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძეს
შეახსენეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ის პარტიის მიმართ
განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და რიტორიკის შეცვლა ურჩიეს.
"რას გააკეთებთ იმისთვის, რომ სიძულვილისა და ძალადობის პოლიტიკა
დასრულდეს," – მიმართეს ირაკლი კობახიძეს უმცირესობის წევრებმა.
პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს კითხვებით უმრავლესობის
წარმომადგენლებმაც მიმართეს.
"როგორ აპირებთ დააბალანსოთ სიტუაცია უმცირესობასა და უმრავლესობას
შორის, მაშინ როცა უმცირესობამ "ჯოჯოხეთი" დააანონსა," – ეს შეკითხვა
ირაკლი კობახიძეს ირაკლი მეზურნიშვილმა დაუსვა.
ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ კითხვით, მას
ზვიად ძიძიგურმაც მიმართა.
"რაც უფრო ნაკლებად ახსენებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები
საკუთარ პარტიას "ჯოჯოხეთის" კონტექსტში, მით უფრო ნაკლებად
გაახსენდება ხალხს ის მძიმე წლები. პასუხს ვაგებ თითოეულ იმ
განცხადებაზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემს მიერ ითქვა. სიმართლე
იყო აუცილებელი, რამაც მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთების
საშუალება მისცა,"– განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ის ეცდება ნეიტრალური იყოს და თითოეულ დეპუტატს მიეცეს
საშუალება ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
მასალის გამოყენების პირობები